„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სუს-ში დაკითხვაზე არ მიდიან. მისი თქმით, სწორედ ასე დაამახსოვრა ამ პარტიამ თავი საზოგადოებას 9-წლიანი მმართველობის პერიოდშიც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც.
„კანონის უგულებელყოფა არის მათი სტილი და ამ სტილით აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას",- განაცხადა კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაბარების უწყება „ნაციონალური მოძრაობის" კიდევ რამდენიმე წევრს გაუგზავნა.
ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სუს-ში დაკითხვაზე ამჯერად პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი და ირმა ნადირაშვილი დაიბარეს.
სუს-ის მიერ გაგზავნილი უწყებების მიხედვით, ცისკარიშვილი, წერეთელი და ნადირაშვილი უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებენ და გამომძიებლებს მოუწოდებენ, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში თავად მივიდნენ.