რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუშინ გამოქვეყნებული ფარული აუდიომასალა ოდესაში გამართულ შეხვედრაზე თავად „ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრმა ჩაწერა.
„არც ერთი წამით და წუთით ეჭვი არ მეპარება, რომ ის, რაც მოვისმინეთ, არის ნაწილი იმ ბოროტი გეგმის, რომელიც მათ გააჩნიათ. ყველაზე სავალალო მათთვის ამ პროცესში არის ის, რომ ჩანაწერი გაკეთებულია მათივე გუნდის წევრისგან. ოდესაში შედგა ეს შეხვედრა. სააკაშვილი ოდესიდან არც ჩამოსულა. მე კინორეჟისორი ვარ და ვიცი, რა არის ხმა, მე ვიცი, ვინ ლაპარაკობს და ვისთან არის მიკროფონი. მიკროფონი ფაქტობრივად ცხვირწინ უდევს სააკაშვილს. მაგალითად, ბობოხიძე არის „სკაიპით" ჩართული და ეს ხმის მიხედვით ადვილად დგინდება. მე დარწმუნებული ვარ ამაში. მიკროფონი უდევს ცხვირწინ და ეტყობა, ამას ერთ-ერთი თანაგუნდელი წერს. ყველაზე კარგად სააკაშვილის ხმა ისმის ამ ჩანაწერში", - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ამ ჩანაწერში „ყველაზე ამაზრზენი" იყო პეტრე ცისკარიშვილის განცხადება კადაფის მაგალითის შესახებ.
„არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ შეიძლება იყოს კადაფის მხარდაჭერი, თუმცა მისი აღსასრული, რაც ვიხილეთ, იყო ამაზრზენი. ამ მენტალობის არიან ცისკარიშვილი, რურუა, ბარამიძე, ბოკერია და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს პრეტენზიას აცხადებს მათი მხრიდან ხელისუფლებაში მოსვლაზე. აბსოლუტურად საკმარისია ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოებამ ბოლო წერტილი დასვას ამ სექტასთან მიმართებაში. ეს არის სექტა და მისი მიმდევრები არიან სექტანტები. იმედი მაქვს, ქართველი საზოგადოება კარგად გაიაზრებს, რა არის მოსალოდნელი, თუ ამ ადამიანებს ასპარეზი მიეცემათ. ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნობს, რომ ქვეყნის ყოფნა-არყოფნა, მისი არსებობა, კეთილდღეობა არის ყველა ჩვენგანის ხელში", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.