უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ბათიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებიდან წასვლის დროს თადარიგი დაიჭირა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდი რაოდენობით შეიარაღება გადამალა.
„ეს იარაღი ადგილზეა. გაკეთებულია სამალავები. ლაპარაკია დიდი ოდენობით იარაღზე. ერთ-ერთი სამალავი ლუგელაში აღმოაჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სამალავების უმეტესი ნაწილი კი არა, თითქმის არც ერთი სამალავი დღემდე გამოვლენილი და აღმოჩენილი არ არის. გარდა ამისა, ლაპარაკია გარკვეულ მრავალრიცხოვან ჯგუფებზე, რომელიც თავის დროზე მათი უშიშროების, ძალოვანი სტრუქტურების აღრიცხვაზე იყო და ფულსაც უხდიდნენ. ასევე, საუბარია არა მხოლოდ ადგილობრივ ჯგუფებზე, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ჩემი ინფორმაციით, ისინი საკმაო რაოდენობით საქართველოში უკვე შემოსული არიან - ეს ხალხი უკვე აქ არის. ესენი გამოცდილი მებრძოლები არიან და ბევრი მათგანი ვიცი, რა მებრძოლებიც არიან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა თვლის, რომ მათ საკმაო დასაყრდენი და მხარდამჭერები ჰყავთ ძალოვან სტრუქტურებში - განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ შორის უშიშროებაში. მათ შექმნილი აქვთ სტრუქტურები ყოფილი პოლიციელებისგან, ყოფილი ძალოვანებისგან, რომლებიც ყოვედღიურად ძალიან აქტიურად მუშაობენ. ისინი კოორდინაციაში არიან ძალოვან სტრუქტურებთან და მათთან ინფორმაცია მიდის წყალივით. თავიანთთან ხალხი ფარულადაც ჰყავთ გაწევრიანებული და უბრალოდ იმედი აქვთ, რომ უკეთეს შემთხვევაში, ეს ხალხი კრიტიკულ სიტუაციაში არაფერს გააკეთებს", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
მისივე განცხადებით, გუშინ ინტერნეტით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან რევოლუციის მოწყობის სცენარს განიხილავს, თავად სააკაშვილის მიერ არის „შემოგდებული".
„მათ აწყობთ, ყურადღება კარვების დადგმასა და საერთო სახალხო მღელვარების მოწყობაზე გამახვილდეს, რეალური გეგმა კი არის - სხვა. რაზეც მე ვსაუბრობ, ეს ემყარება ინფორმაციასაც და ემყარება ანალიზსაც. მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს უშიშროებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. დარწმუნებული ვარ, ჩარხს უკან ვერავინ ვერ დააბრუნებს. ეს არის სააკაშვილის ილუზია, მაგრამ რატომ უნდა მივიყვანოთ საქმე მაინცდამაინც სროლამდე?!" - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.