logo_geo
eng_logo
„სახლში, რომელიც იძულებით გამაყიდინეს, დღეს ირმა ნადირაშვილი ცხოვრობს“
- +

28 სექტემბერი. 2016. 16:56



„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნები რიგითი ადამიანების ხარჯზე მდიდრდებოდნენ. თადარიგის პოლკოვნიკმა და შეიარაღებული ძალების ვეტერანმა გიორგი შინდელიშვილმა სახელმწიფოს ქონება მხოლოდ იმიტომ გადასცა, რომ შვილი უკანონო პატიმრობიდან დაეხსნა.


შინდელაშვილის შვილი, როლანდ შინდელაშვილი 2004-2008 წლებში კუდ-ის ოპერატიულ მუშაკად მუშაობდა, მისი უშუალო უფროსი ვაჟა ლელუაშვილი იყო, რომელმაც პოლკოვნიკს ერთი მილიონი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შვილს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. ლელუაშვილმა დანაპირები შეასრულა, პრობლემა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ბოლოს ოჯახი იძულებული გახდა, რომ ყველაფერი გაეყიდა, მათ შორის, სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ. სახლის მყიდველი კი „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი გახდა.


გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი შინდელაშვილთან.


- ბატონი გიორგი, რა პრობლემები შეგექმნათ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს და რის საფუძველზე დააკავეს თქვენი შვილი?


- 2008 წლის 6 აგვისტოს საირმეში მივემგზავრებოდი, რა დროსაც მობილურზე დამირეკა ვაჟა ლელუაშვილმა და მითხრა, რომ აუცილებლად მენახა, რადგან ჩემ შვილთან დაკავშირებით სერიოზული ვითარება იყო. მაშინვე მოვბრუნდი, ვნახე ლელუაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ უნდა გადაგვეხადა 100 ათასი დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამაფრთხილა, რომ როლანდს ელოდა უსიამოვნებები. მითხრა, რომ შენც დაგიჭერ და შენს შვილსაცო. თავიდან ეს მოთხოვნა ხუმრობა მეგონა, რადგან სინამდვილეში ჩემს შვილს არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ლელუაშვილი თანხას ნამდვილად მთხოვდა. რამდენჯერმე დამირეკა ლელუაშვილმა და მეკითხებოდა, გადავიხდიდით თუ არა თანხას. დელისის მეტროსთან შევხვდი და განვუცხადე, რომ არავითარ თანხას არ გადავიხდიდი, რადგან ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. თუმცა, ლელუაშვილი დამემუქრა, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა, თან დასძინა, - ცხინვალში ვითარება დაიძაბა და ჩვენთვის არ ეცალა.


- თქვენი შვილი ხომ კუდ-ში მუშაობდა?


- მუშაობდა, მაგრამ მას ვინ ჰკითხავდა რამეს? ლელუაშვილი იყო მისი უფროსი და როგორ ფიქრობთ, ჩემს შვილს რა შეეძლო გაეკეთებინა?!


- ბატონო გიორგი, რა პირადი ინტერესი ჰქონდა ლელუაშვილს თქვენთან?


- წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობდი, ტაბახმელაში, წავკისსა და შინდისში ყველა პატივს მცემდა. იცოდა, რომ მიწის რეფორმის საშუალებით ავიღე მიწის ნაკვეთები, რომლის წართმევა უნდოდა. ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი, ქონების გამოძალვის მიზნით გააკეთა ეს ყველაფერი.


სახლში ჩამიყარეს ავტომატები და დაიჭირეს ჩემი შვილი, რომელიც ჩემს სახლში არც ცხოვრობდა. როდესაც მოვიდნენ, ვუთხარი, სახლში ჩემია და აქ რატომ ეძებთ როლანდს-თქო, მაგრამ არ აინტერესებდათ, უნდოდათ, რომ ჩემი შვილი აეყვანათ მძევლად და მერე ამ გზით ჩემთვის წაერთმიათ ქონება. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემი შვილი დააკავეს.


- რა ბრალდებით დააკავეს?


- შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს. ბინის ჩხრეკის დროს პოლიციის მუშაკებმა ჩვენს თვალწინ ჩაყარეს და ამოიღეს ავტომატის 10 ვაზნა, ასევე ჩემს შვილს დააბრალეს, რომ მან შეიძინა და გაასაღა წინასწარ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მანქანა. როლანდი დააკავეს და მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს. ღამით არეკინებდნენ და ათხოვნინებდნენ, რომ ნებისმიერი საშუალებით გამეყვანა ციხიდან.


ამ მიზნით, სოდ-ის ხელმძღვანელობის მითითებით, ჩემი შვილის BMW-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფოს გადავუფორმეთ, ჯარიმის სახით კი 20 ათასი ლარი გადამახდევინეს. ჩემი შვილისთვის წართმეული მანქანით შს მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი გადაადგილდებოდა, შემდეგ სოდ-ის უფროსი ერეკლე კოდუა. გარდა ამისა, ყველაფერი წამართვეს, - მიწის ნაკვეთები შინდისში, ტაბახმელასა და წავკისში.


- მიწის ნაკვეთები ლელუაშვილს გადაუფორმეთ?


- არა, სახელმწიფოსთვის გადამაცემინეს, მერე აპირებდნენ ამ შეთანხმების გაუქმებას და საკუთარ საკუთრებაში გადაფორმებას, მაგრამ აღარ დასცალდათ. თვითონ გახდნენ დასაჭერები.

 

- მიუხედავად იმისა, რომ ქონება გადაეცით სახელმწიფოს, მათ შორის - მანქანა, გადაიხადეთ ფული, თქვენი შვილი ხელმეორედ დააკავეს. მეორედ რა გახდა დაკავების მიზეზი?


- ჩემმა შვილმა იცოდა, რომ ვინმე კირთაძე ყიდდა მიწის ნაკვეთს, ჩემს ძმისშვილს უთხრა ამის შესახებ, რომელმაც კირთაძესთან შეხვედრა სთხოვა. ჩემმა შვილმაც შეახვედრა კირთაძეს, ამის შემდეგ ჩემი შვილი მათთან კავშირში არ იყო, მაგრამ რადგან ჩემი ინტერესი ჰქონდათ, უკვე ამ საქმეზე დააკავეს ჩემი შვილი. ფაქტიურად მოხდა ისე, რომ კირთაძემ გაყიდა მიწის ნაკვეთი, რომელსაც საჯარო რეესტრში კოდი შეუცვალეს და თაღლითობა ჩაიდინეს. ჩემმა შვილმა კირთაძე და ჩემი ძმიშვილი დააკავშირა და ამის მერე მათთან არაფერი ესაქმებოდა. უნდა დაეჭირათ საჯარო რეესტრის ხალხი, ვინც ფული აიღო, მაგრამ ჩემი შვილი დააკავეს. ყველაფერი ჩემს შვილს დააბრალეს.


- არსებობდა მტკიცებულება, რომ თქვენი შვილი მონაწილეობდა თაღლითობაში?


- არა, არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, დანაშაული ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ მაინც დააკავეს. სანამ დარჩენილი ქონება არ წამართვეს, მანამდე ჩემი შვილი არ გაათავისუფლეს. 7 თვე ჰყავდათ მძევლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ღამის 2 საათზე არეკინებდნენ სახლში და მეუბნებოდა, მიმეცა ყველაფერი რასაც მთხოვდნენ, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ამ ნერივულობას ემსხვერპლა ჩემი მეუღლე.


- შვილის დასახსნელად მოგიწიათ სახლის გაყიდვა?


- შინდისში მდებარე სახლი გავყიდე იმიტომ, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის საჭირო ფული არ მქონდა. ამიტომ, იძულებული გავხდი, რომ სახლი გამეყიდა. სახლი მივყიდე ირმა ნადირაშვილს, ეს თანხაც და კიდევ 50 ათასი ლარი სახელმწიფოს მივეცი საპროცესო შეთანხმებისათვის. შემდეგ დამატებით მომთხოვეს 2 ჰექტარი მიწის ჩაბარება უსასყიდლოდ. დღეს, ამ სახლში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი ცხოვრობს.

 

- და, ირმა ნადირაშვილი როგორ აღმოჩნდა მყიდველი?


- როდესაც ლელუაშვილს ვუთხარი, რომ არ მქონდა საპროცესოსთვის გადასახდელი ფული, მითხრეს, რომ სახლი გაყიდეო. ამ დროს ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი და მაშინ ჩემთვის უცნობი ადამიანი მეკითხება - სახლს თქვენ ყიდითო? ასე იყიდა კაპიკებად ნადირაშვილმა ჩემი სახლი შინდისში.


- როგორ ფიქრობთ, ნადირაშვილის ზარი შემთხვევითობა იყო?


- ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, როდესაც მომთხოვეს, რომ საპროცესო შემეტანა და ვუთხარი, რომ ფული არ მქონდა, მომთხოვეს, სახლი გამეყიდა. ამ დროს ჩნდება ირმა ნადირაშვილის მეუღლე და ყიდულობენ ჩემს სახლს. მაშინ ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.


- თქვენ მიმართეთ პროკურატურას და შეგიძლიათ გვითხრათ, რა ეტაპზეა თქვენი საქმე?


- 4 წელი იძიებდა პროკურატურა ამ საქმეს, ლელუაშვილი მიიყვანეს დაკითხვაზე, თქვა, მე ფული არ მომითხოვია, შინდელიშვილი იტყუებაო. პროკურატურამ უთხრა, ბატონო ვაჟა, თქვენ პატიოსანი კაცი ხართ და წადით სახლშიო, მაგრამ მერე ფარული ჩანაწერების საქმეზე დაიჭირეს.


მე რომ მილიონს მძალავდა და მთელი ღამე ტელეფონზე მირეკავდა - ფული მოიტანე, თორემ შენს შვილს დავიჭერთო, ეს თურმე მომიგონია და სახელმწიფოსთვის თურმე ქონება ნებით მიჩუქებია. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოვითხოვე ჩემი შვილის კუთვნილი მანქანის გაჩერება და დაბრუნება, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მანქანა გაეჩერებინათ და ყველაფერი გაერკვიათ, შს სამინისტრომ ეს მანქანა გაყიდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner