ავტორი ანა ფერაძე
„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად რევოლუციის სცენარს განიხილავს. მჟავანაძის თქმით, ხელისუფლებამ შესაბამის ზომებს უნდა მიმართოს და აღკვეთოს „ნაციონალური მოძრაობის" გეგმა სახელმწიფო გადატრიალებაზე.
„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი და პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ აუდიოჩანაწერს, რომელიც გავრცელდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით უნდა მივუდგეთ, რომ ეს არის უკანონო ჩანაწერი.
ვფიქრობ, გამოძიებას ხელთ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა დადგეს „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. რა თქმა უნდა, ბოლო გავრცელებულ აუდიომასალასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს გამოძიება და დადგინდეს მისი ავთენტურობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის" არაერთი განცხადება და აღიარებითი ჩვენებები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით უნდა შეიცვალოს.
აუცილებელი არ არის, სახელმწიფო გადატრიალება დაიწყოს და ამის შემდეგ დააკავონ დამნაშავე პირები. ამიტომ საჭიროა, სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ზომები", - აღნიშნა მჟავანაძემ.