საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უწყება უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში.
„მთავარი პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში. ამასთან, გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად გამოძიების ამ ეტაპზე ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზები, რათა გაირკვეს, აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა მიხეილ სააკაშვილს, აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს, პეტრე ცისკარიშვილს, აკაკი ბობოხიძეს და ირმა ნადირაშვილს.
ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, თუ საიდან, როგორ და ვის მიერ მოხდა ხსენებული მასალის მოპოვება და შემდგომში ვიდეო პორტალ youtube.com-ზე განთავსება", - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ დამატებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება.