logo_geo
eng_logo
ჯემალ სეფიაშვილი: არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა მოდის, მაგრამ დარჩებიან საქართველოში?
- +

15 მარტი. 2016. 10:42


ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი:


ბავშვობის მოგონება...

 

- მესამე კლასში ვიყავი, სკოლაში ბავშვების რიგს მოვკარი თვალი, თურმე მუსიკალურ წრეში ყოფილა მიღება, ასე მოულოდნელად ავდექი და  გადავწყვიტე, მეც დავმდგარიყავი რიგში, გაგიკვირდებათ და, მიმიღეს. მივედი სახლში და დედას განვუცხადე, დედა, მუსიკალურ წრეში შევედი-მეთქი... მეშვიდე კლასში კი თავი დავანებე, სვანეთის უბანში გავიზარდე და „მუზიკანტი" არავინ დამიძახოს-მეთქი, განიცდიდა დედაჩემი, მაგრამ არავის ნათქვამმა აღარ გაჭრა.


პირველი სიმღერა...

 

- „სიყვარულის სანთლები"... უცნაური ისტორია აქვს ამ სიმღერას, ძალიან ცნობილი იყო, უამრავი ადამიანი მღეროდა და ტექსტის ავტორი არ ვიცოდით, ვინ იყო. ბევრი ამტკიცებდა, ჩვენ დავწერეთო, ბოლოს, როგორც იქნა, ნამდვილ ავტორს მივაგენით. მე და მედეა ძიძიგურმა შევასრულეთ შემდეგ ერთად.


როცა მაქებენ...

 

- ქება ვის არ უყვარს? ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ გითხრათ, მგონია, როდესაც მაქებენ,ჩემგან უკეთესს მოელიან, უფრო მეტს ითხოვენ და მეც უფრო მეტი ძალა მეძლევა, რომ ყველაფერი უკეთ გავაკეთო.


სცენაზე გასვლისას...

 

- ჩემთვის სულაც არა აქვს მნიშვნელობა, ფილარმონიაში გავდივარ, სპორტის სასახლეში თუ სადმე სოფლის მუსიკალურ ცენტრში, აბსოლუტურად ერთნაირად ვღელავ, რადგან მე ჩემს მაყურებელს უნდა შევხვდე, რომელიც ჩემგან ბევრს მოელის.


რამ შეიძლება გაგაბრაზოს...

 

- უმადურობამ, უპასუხისმგებლობამ, არაპროფესიონალიზმმა.


მუზა მოდის...

 

- მუზა სულაც არ უყურებს დროს, არც იმას, შენ როგორ განწყობაზე ხარ. ახლა გადაწყვიტა მოსვლა და მორჩა, ან უნდა მიიღო, გადადო შენი სხვა ფიქრები, განწყობა და მუზას დაემორჩილო, ან შეიძლება წამებში გაფრინდეს და გვიან იყოს.


ადვილად პატიობთ ადამიანებს?

 

- არის შემთხვევები, როცა პატიება არ შეიძლება, შესაძლოა, ეცადო, რაღაც დათმო, მაგრამ ვერ აპატიო... ან აპატიო, მაგრამ ის გრძნობა, ძველებური ურთიერთობა აღარ იყოს.


საქართველოს გარდა, ვიცხოვრებდი...

 

- ჩემი ძმები და მამა ამერიკაში ცხოვრობდნენ... ძალიან მძიმედ განვიცდიდი, რომ ვერ ვნახულობდი, დრო კი გადიოდა. მამაჩემი ჩემი ფოტოსურათით ხელში გარდაიცვალა და ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდა, რომ ჩავიდოდი, არც ის ვიცი, სწორი გავაკეთე თუ არა, ალბათ, არც ისინი უნდა დამეჩაგრა ასე, მაგრამ ვერ მოვწყდი აქაურობას.


ვნანობ...

 

- ხანდახან ვფიქრობ, იქნებ თავის დროზე უნდა წავსულიყავი, მეცხოვრა ამერიკაში, ისრაელში... ვერ გეტყვით, რომ არწასვლას ვნანობ, მაგრამ უბრალოდ ვფიქრობ, იმ ქვეყნებში ხომ უფრო მეტად აფასებენ  ნიჭიერებას, შემოქმედ ადამიანებს...


სახლი ჩემთვის არის...

 

- სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს, სადაც მუდმივად სითბო ტრიალებს. ახლაც ჩემთან არიან სტუმრად შვილიშვილები და ამაზე უკეთესი რა შეიძლება ინატროს ადამიანმა. სახლი ჩემი ციხესიმაგრეა.


სურვილები მომავალ თაობას...

 

- არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა მოდის, მაგრამ დარჩებიან საქართველოში? რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა წასული, რამდენს აღარ უნდა დაბრუნება, იქ ისწავლა, საქმე აიწყო, მუშაობს, ფული აქვს და რა ქნას? უყვარს თავისი ქვეყანა, მაგრამ ჩამოვიდეს აქ და იმუშაოს 400 ლარზე, ძნელია. ჩვენ არა გვაქვს პროგრამა, რით შევაკავოთ და რით დავაფასოთ აქ ჩვენი ნიჭიერება. ვურჩევ მათ, ვინც განაგებს ამ ქვეყანას, რომ ახალგაზრდებს მიხედონ, მისცენ საშუალება, საზღვრებს გარეთ მხოლოდ საკურორტოდ იყურებოდნენ და საქართველო უყვარდეთ.

 

 

თამთა ასათიანი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner