„ქართული ოცნება" იყო ძალა, რომელმაც დაასრულა ის ძალადობრივი რეჟიმი, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი მეც ვიყავი", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს. მისივე თქმით, ეს არის პარტია, რომელმაც ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა და კიდევ ბევრს გააკეთებს სამომავლოს ქვეყნის განვითარებისათვის.
„ეს არის ადამიანის უფლებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული პარტია, რომელთანაც ყველაზე მეტი საერთო მაქვს მსოფლმხედველობრივად. ეს არის გუნდი, რომელმაც დაამტკიცა, რომ არის უალტერნატივო, შეუძლია, სწორად და პრაგმატულად მართოს ქვეყანა და ადამიანი, სახელმწიფოებრივი ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენოს და მიღწეული შედეგებითა და მეტი გამოცდილებით უფრო სწრაფად უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება. ამ მიმართულებით ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე „ქართულმა ოცნებამ" არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა: მალე საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ექნება, გაეხსნა ახალი ევროპული ბაზარი 28 ქვეყნითა და 500-მილიონიანი მომხმარებლით, რაც უნიკალურ შესაძლებლობებს გვაძლევს; გაფორმდა პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი ამერიკა-საქართველოს შორის, რაც უფრო დაცულს გვხდის; მედია და ბიზნესი გათავისუფლდა; სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხით გაუთანაბრდა ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს - სასამართლოში ხელისუფლების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების რიცხვი 55%-ით შემცირდა; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით უფასო სამედიცინო მომსახურებით 2 მილიონ 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა; C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამით - უკვე 10 ათასმა მოქალაქემ და მომავალში ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება; დევნილების პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი თანხა 3-ჯერ გაიზარდა; სახელმწიფომ დაიწყო საგარეო ვალის გასტუმრება, რაც, ამ ეტაპზე, უკვე 200 მილიონი დოლარითაა შემცირებული; 20 000-ზე მეტმა დევნილმა მიიღო საცხოვრებელი ბინა და სახლი. ეს მხოლოდ ნაწილია გაკეთებული სიკეთეებისა. დღევანდელი პარლამენტი იყო ყველა იმ მნიშვნელოვანი რეფორმისა და გადაწყვეტილების მონაწილე, რაც საქართველომ ბოლო წლებში „ქართული ოცნების" მმართველობისას განახორციელა. კოალიცია, ალბათ, მნიშვნელოვანი იყო 2012 წელს სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მაგრამ მართვისას მას ჰქონდა მთელი რიგი ხარვეზები და ნაკლებად ეფექტური იყო. ხშირად ჭიანურდებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შეჯერება-გატანა. პარტია „ქართული ოცნების" განახლებული, ერთი ხედვითა და პლატფორმით გაერთიანებული პროფესიონალების გუნდი შეძლებს, მეტ წარმატებას ბევრად ნაკლებ დროში მიაღწიოს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.