„ქართული ოცნების" საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ უფლებადაცვითი მიმართულებით გადაწყვიტა საქმიანობის გაგრძელება, გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიტარული რეჟიმის პროკურორი ვერ იქნებოდა.
„პოლიტიკოსობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, 2004 წელს პროკურატურის გამოცდებიც ჩავაბარე, 99 ქულა ავიღე და მინდოდა, კარიერა პროფესიით გამეგრძელებინა, მაგრამ მალევე დავინახე, რომ ავტორიტარული რეჟიმის პროკურორი ვერ ვიქნებოდი და გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა და ენერგია უფლებადაცვითი მიმართულებით გამომეყენებინა. მაშინ დავიწყე მუშაობა პარლამენტში, შემდეგ სამოქალაქო სექტორში. ვფიქრობდი, იმ მოცემულობაში ასე უკეთ შევძლებდი დავხმარებოდი სახელმწიფოსაც და ადამიანებსაც. სააკაშვილის რეპრესიული სისტემის გაძლიერებასთან ერთად, რასაც მოჰყვა მედიისა და სასამართლოს სრული კონტროლი, ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანისა და სხვების უკანონო მკვლელობები, 7 ნოემბერი და „იმედის" დარბევა, გაყალბებული არჩევნები, პოლიტიზებული პოლიცია და ჯარი, სამარცხვინოდ წაგებული ომი, ჩემი პროტესტიც ძლიერდებოდა. მხოლოდ უფლებადაცვითი აპოლიტიკური აქტივიზმი საკმარისი აღარ იყო. სააკაშვილის ხელისუფლების დროს თითქმის ყველა საპროტესტო კამპანიის ავანგარდში ვიყავი და მთელი საქართველოს მასშტაბით მათ ორგანიზებაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პროცესიდან ჩემი ჩამოშორება და იმასაც მიხვდნენ, რომ ეს მხოლოდ ჩემი დაპატიმრებით იყო შესაძლებელი. ამან გარკვეული პერიოდი იმუშავა კიდეც. მთელი რიგი კამპანიები, რაც სააკაშვილს, როგორც მინიმუმ, მოსვენებას არ აძლევდა და ნერვებს უშლიდა, რაღაც დროით შეწყდა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.