"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტი ბექა ნაცვლიშვილია, რომელსაც საზოგადოება თბილისის საკრებულოდან კარგად იცნობს. საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ამ რაიონს, მისი ძალისხმევით, სხვა განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამი უმნიშვნელოვანესი პროექტი დარჩება. „რეზონანსთან" ინტერვიუში ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ დიდი გეგმები აქვს ისანშიც. მათგან მთავარი ისნის, როგორც ინდუსტრიული რაიონის, ფუნქციის დაბრუნებაა.
ბექა ნაცვლიშვილი: ბავშვობიდან ძალიან განვიცდიდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებით, 90-იან წლებში, რადგან პოლიტიკური პროცესი სწორედ მაშინ გამძაფრდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მამასთან ერთად დავდიოდი მიტინგებზე და პოლიტიკაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. შეიძლება, ეს დედის გავლენაც იყო, რომელიც ფილოლოგი გახლდათ და ცდილობდა, ჩემში პატრიოტული სულისკვეთება ჩაენერგა. ქართული ლიტერატურა, რომელიც ისტორიული მოვლენების ანარეკლია, ჩემში მეტად აღვიძებდა როგორც წარსულისა და აწმყოს გააზრების, ისე მომავლის განჭვრეტის სურვილს. ამიტომ გადავწყვიტე, პოლიტიკური მეცნიერება მესწავლა. გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში პოლიტოლოგია, სოციოლოგია და რელიგიათმცოდნეობა დავამთავრე მაღალი აკადემიური მოსწრებით და იმავე უნივერსიტეტში დავიწყე დისერტაციაზე მუშაობა. საქართველოში პროცესები სწრაფად ვითარდებოდა და ვხედავდი, აუცილებელი იყო, ამ მოვლენებისთვის ფეხი ამეწყო. ამიტომ გვერდით გადავდე ჩემი აკადემიური კარიერა, შევწყვიტე დისერტაციაზე მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება მქონდა, მეცნიერ-თანამშრომლად დავრჩენილიყავი, 2006 წელს საქართველოში დავბრუნდი. ჩამოსვლის დღიდან, მეგობრებთან ერთად, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთე, თუმცა ამას მაშინ პოლიტიკური შეფერილობა არ ჰქონია.
- თქვენ კი საკრებულოს წევრი გახდით. ამ პერიოდში, საკრებულომ, თქვენი ჩართულობითა და აქტიურობით, რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო?
- საკრებულოში მისვლამდე, 2012-2014 წლებში ვმუშაობდი პრემიერ-მინისტრის აპარატში ჯერ ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის დროს. სტრატეგიულ დაგეგმარებაზე ვიყავი პასუხისმგებელი, მოგვიანებით კი, საზოგადოებრივი მოვლენების ანალიზს ვახდენდი. პარალელურად, ვიყავი და ვარ სამაგისტრო პროგრამის - "ინდუსტრიული ურთიერთობები" ხელმძღვანელი. ამის შემდეგ საკრებულოს წევრი გავხდი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იმ პერიოდში მივიღე, თანამოქალაქეებთან ურთიერთობაა. მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე გახლდით. რთული კომისია იყო, რადგან ადამიანებს პოტენციურ სახელმწიფო ქონებას გადასცემ და მაქსიმალურად უნდა დაიცვა სამართლიანობის პრინციპი. ბევრი გაჭირვებული მოდიოდა, ჩვენ კი, კანონიდან გამომდინარე, უარის თქმა გვიწევდა. ეს რთული პროცესი მძიმე გამოცდილებად დაილექა ჩემში. კანონპროექტიც მოვამზადე, რომელიც, მეტ-ნაკლებად, გააუმჯობესებდა ამ მდგომარეობას, მაგრამ მისი განხილვა ვერ მოესწრო.
არის 3 დიდი პროექტი, რაც ამ რაიონში ჩემი ძალისხმევით დარჩება და რითაც ძალიან ვამაყობ: პირველი - 300 არაგველების სკვერი. მომავალში არც ერთ ხელისუფლებას რომ არ გასჩენოდა მისი გასხვისების სურვილი, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღოლ მამა ბესარიონთან ერთად, გადავწყვიტეთ, ეს სკვერი მოეწყოს შესაბამისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული ზონა. როგორც ცნობილია, სწორედ ამ ადგილზე გაიმართა კრწანისის ბრძოლა; მეორე - ოქტომბერში დაიწყება ზემო და ქვემო ფონიჭალის შემაერთებელი გვირაბის მშენებლობა. ეს ორი უბანი, დაახლოებით 50 მეტრითაა დაშორებული, მაგრამ ერთმანეთთან დასაკავშირებლად, სამანქანე გზით, ადამიანებს 7 კილომეტრის გავლა უწევთ, ქვეითებმა კი 6-ლიანდაგიანი ხაზი უნდა გადაკვეთონ. მესამე პროექტი მთლიანად ჩემი იდეების ერთობაა - ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი, სადაც იქნება ბიბლიოთეკა, ხატვის, კომპიუტერული უნარებისა და გრაფიკული დიზაინის, ჭადრაკის, მუსიკის წრეები... ეს იქნება დიდი სივრცე, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას, მაქსიმალურად ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ნიჭი იპოვოს და დახვეწოს. როგორც ყოფილ მორაგბეს, ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, გქონდეს საშუალება, ეწეოდე ჯანსაღი ცხოვრების წესს. პარალელურად, რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. ვიცი, ახალგაზრდებს რა სურთ და როგორ შეიძლება, მათ ხელი შეუწყო თვითრეალიზებაში. მსგავს პროექტს ისანშიც განვახორციელებ.
- ახალგაზრდული ცენტრის გარდა, ისნის მოსახლეობას რა პროექტებს შესთავაზებთ და რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი მაინცდამაინც თქვენ?
- ჩვენი, სოციალ-დემოკრატების, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მრეწველობის განვითარებაა. მიგვაჩნია, რომ ინდუსტრიის აღორძინების გარეშე, წარმოუდგენელია დასაქმების პრობლემის მოგვარება და დასახული სოციალური მიზნების მიღწევა. ისანი ძველი ინდუსტრიული რაიონია და აქ ბევრი ინდუსტრიული სივრცეა ასამუშავებელი. გარდა ყოფითი საკითხებისა, როგორიცაა კანალიზაციის მოწესრიგება, ბინების პრივატიზება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება... აუცილებლად უნდა მოხდეს კერძო სექტორის სტიმულირება, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ვეცდები, კერძო სექტორთან ურთიერთობით, მაქსიმალურად დაიტვირთოს რაიონი და ისანმა ფუნქცია კვლავ დაიბრუნოს. მე მაქვს არა მარტო ამ პოლიტიკის, იდეების განხორციელების სურვილი, არამედ მიზანი, გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანებს წარმოდგენა შევუცვალო პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე. ეს კრწანისში, გარკვეულწილად, გავაკეთე - უშუალო ურთიერთობა მქონდა მოქალაქეებთან, ვისაც სურვილი ჰქონდა, ჩემი ტელეფონის ნომერიც იცოდა და ყოველთვის ვპასუხობდი. მთავარია, ადამიანებს დაუბრუნდეთ ნდობა პოლიტიკისადმი და აღარ თქვან, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. პირიქით, ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე, რადგან იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც არა მხოლოდ შენსა და შენს ოჯახზე, არამედ მთელ საზოგადოებაზე ვრცელდება.