პოეტი დავით მაღრაძე „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში ეხმაურება. მაღრაძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს არაჯანსაღ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების აგონიად აფასებს.
„ფსიქიატრიულიდან მოვისმინე „ნაციონალური მოძრაობის" წევრების რამდენიმე ბრიფინგი და განცხადება, ზოგმა თქვა, რომ ბატონი ივანიშვილი გარბის და მას მისდევენ ბოკერია და მინაშვილი და ა.შ. და ამისთანა საგიჟეთს გვთავაზობენ დღეში რამდენჯერმე პიროვნებები.
მე გახლავართ იმ სიტყვების ავტორი ვინც თქვა, საქართველო მოსმენების გარეშე, საქართველო დასმენების გარეშე, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფრის აფიშირება ოდესის გუბერნატორს სურს, რათა თავისი ერთი მუჭა მომხრეები დაარწმუნოს, რომ მას კიდევ რაღაცის თავი აქვს", - განაცხადა მაღრაძემ.
მაღრაძეს სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობად თვლის, რომ ფაქტი დროულად იქნას გამოძიებული.
„უტიფრობა არის ამ მოძრაობის რელიგია, ეს უკვე სექტაა. მათ აირჩიეს ეს რელიგია და ასეთი მხურვალე მლოცველები მგონი არცერთ სექტას არ ყავს, თუმცა ეს უსუსური სექტა ვერაფერს მოახერხებს.
ამათი გეგმა გაცხადდა. ესენი არიან ცრუ ეგზიტპოლების იმედზე, რომელსაც უნდა მოაყოლონ რაღაც დესტაბილიზაცია, თუმცა ამათ მასშტაბები არ აქვთ და არც, მხარდამჭერები აღარ ჰყავთ. ეს ნიშანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ არ დავიზაროთ ჩვენი ხმა ქვეყნის მომავლისთვის",- განაცხადა დავით მაღრაძემ.