ავტორი მარიამ პაიჭაძე
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასა და რევოლუციურ სცენარზე, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები აუდიოჩანაწერშიც საუბრობენ, რომელიც გუშინ გავრცელდა. ასევე საკმაოდ აქტუალურია ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი, სანდრა რულოვსის კანდიდატურა ზუგდიდში... ამ საკითხებზე „რეპორტიორი" რეჟისორ გოგა ხაინდრავას ესაუბრა:
- გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. რა შეგიძლიათ გვითხრათ ჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით და ზოგადად, რას ფიქრობთ ამ ჩანაწერზე?
- ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ნამდვილად სააკაშვილის ხმა არის, ყველას ხმას ვცნობ იქიდან. თუ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რამდენად ავთენტურია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი არც მალავენ ამ შეხვედრებს, თავიანთ განზრახვებს. ამ ჩანაწერში პირველად გავიგეთ, რას აპირებენ? აქამდე არ ვიცოდით? პირდაპირი მოწოდებები და პირდაპირი ქმედებებია ამასთან დაკავშირებით. მაგათი იდეოლოგიური რუპორი რომ არის და ისეთივე დანაშაულებრივი ორგანიზაცია, როგორც თვითონ, „რუსთავი 2" სულ ამას არ ქადაგებს? სულ ამას არ იძახიან? გვარამია ამას არც მალავს, არასდროს, როცა გამოდის და არც დაუმალავს. რატომ ატყდება ხოლმე საქართველოში ეს გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ავთენტურია თუ არა და საიდან მოიპოვეს... სადაც დაიწერა, იქიდანაც მოიპოვეს, სადაც ლაპარაკობდნენ, იქიდან მოიპოვეს. სააკაშვილი ელაპარაკება თავის თანამზრახველებს, როგორ გააჩაღონ სისხლისღვრა საქართველოში და ვის ეკითხებიან, საიდან მოიპოვეს? ან რა შუაშია აქ „ოცნება" ან ბიძინა ივანიშვილი. მაგათ ბოროტი განზრახვები ჰქონდეთ, უკვირს ვინმეს? სააკაშვილის ან სანდრა რულოვსის ბოროტი განზრახვა უკვირს ვინმეს? შეიძლება იმ საზოგადოების განვითარებაზე სერიოზული მსჯელობა, სადაც 10-ათასობით ადამიანი ხმას აძლევს სააკაშვილს, სანდრა რულოვსს, რურუას და ცისკარიშვილს? მაგათი მენტალობა ძალიან კარგად არის გაცხადებული ამ ჩანაწერში, როდესაც პეტრე ცისკარიშვილი ემუქრება ქართველ ხალხს კადაფისადმი ჩადენილი ძალადობით. კადაფი არავის მოსწონდა და არ შეიძლება ამაზე ნორმალურ ადამიანს კარგი წარმოდგენა ჰქონოდა, როგორც ხელისუფალზე, მაგრამ როგორც დაამთავრა მან სიცოცხლე, არის შემაძრწუნებელი, აბსოლუტურად არაადამიანური, რაც მის მიმართ ჩაიდინეს და ამას სჩადიოდნენ ყოველდღე საქართველოს ციხეებში ცისკარიშვილები, რურუები, სააკაშვილები, ბოკერიები. ბოკერია გამოდის დღეს და იძახის, ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ და ნუ გეშინიათ, არ დაგიჭერთო. ხომ ვნახეთ ერთხელ, როგორ არ გვიჭერდნენ. ეს არის თავხედობა და უტიფრობა. ეს არის ქართველი საზოგადოების იმ ნაწილის სრული უგუნურება და დეგრადირება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, რომ ამ კრიმინალებმა ქართველი ხალხის რაღაც ჯგუფის სახელით ილაპარაკონ, ხომ ხედავთ, ერთი და იგივე ხალხი ზუგდიდშიც, ბათუმშიც და ქუთაისში დაჰყავთ აქეთ-იქით, ეს დაბრმავებული ბრბო დროშების ქნევით და „ნაციონალური მოძრაობის" მაისურებით, მაგრამ ხომ ჰყავთ ეს ხალხი, დაზომბირებულები, მაგრამ ხომ ჰყავთ. ხომ არის ხალხი, ვინც დღეს ამბობს, რომ ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრობას", თავისი შვილების ჯალათებს აძლევენ ხმას. კი ბატონო, მისცენ ხმა და გაუბახებენ შვილებს და უწამებენ შვილებს ციხეებში.
- სანდრა რულოვსის კანდიდატურას როგორ შეაფასებთ ზუგდიდში, აქვს მას გამარჯვების შანსი?
- ფერიასავით რომ მოგვევლინა ეს ბოროტების განსახიერება, რა უნდა, რამ მოიყვანა სანდრა რულოვსი საქართველოში. მისი ქმარი უკრაინის მოქალაქეა, თვითონ - ჰოლანდიის მოქალაქე. რა უნდა, რა არ ასვენებს, რა სამეგრელოს სიყვარული აუტყდა. ერთი გაიხსენოს, თავის წიგნში „იდეალისტის ნაამბობი" რას წერს სამეგრელოზე. გაიხსენოს, რას წერს სამეგრელოს სათაყვანებელ პოლიტიკურ გმირზე, ზვიად გამსახურდიაზე. ჩაიხედონ მეგრელებმა, რომ დასდევენ კუდში ამ უამრავი ბოროტების აგენტს. თვალებში ჩახედა თავის ქმარს და თქვა, რომ ხელკეტებით აღარ აწამებენ ქართველებს ციხეებში. მე ვფიქრობ, აქ კითხვები არ არსებობს, კითხვები მხოლოდ საზოგადოებასთან არის.
ნორმალურ საზოგადოებაში და იმ სამეგრელოში, რომელსაც მეც წარმოვადგენ, არცერთი ხმის მოპოვების შანსი არ აქვს. სამეგრელოში, რომელიც თავის ისტორიას პატივს სცემს, რომელიც ცოტნე დადიანის სამშობლოა და ასე ვთქვათ, ქართული სახელმწიფოს ბურჯობა იტვირთა თავის დროზე და საუკუნეების მანძილზე გაიტანა, როგორ შეიძლება, რომ გარეწარს ვინმემ ხმა მისცეს?! მაგრამ იმ სამეგრელოში, რომელიც სააკაშვილმა ჩამოაყალიბა და რომელსაც სანდრა რულოვსი აბოლებს ახლა, ცხვრებივით რომ დასდევენ „მეე"-ს ყვირილით, იმ სამეგრელოში არ ვიცი, რა იქნება.
- სააკაშვილი ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობს საქართველოში ჩამოსვლაზე. სანდრა რულოვსმა თქვა კიდეც, გვირაბის გათხრა რომ მოუწიოს ოდესიდან სოლოლაკამდე, მაინც ჩამოვაო. როგორ ფიქრობთ, არის შანსი იმისა, რომ სააკაშვილმა გაბედოს საქართველოში ჩამოსვლა?
- ეგ კურდღელი სად ჩამოვა, რისი ჩამომსვლელია... იმ დღეს ვნახე, ბარით მოდიოდა სანდრა სოლოლაკში და ბოკერიაც მოჰყვებოდა, პეტრე ცისკარიშვილიც იქვე იყო და დეპუტატობის კანდიდატი რომ არის, რურუა, იმას წერაქვი მოჰქონდა. ეტყობა, დაიწყეს გვირაბის თხრა, რომლიდანაც სააკაშვილი თავს ამოჰყოფს სოლოლაკში. მაგან გვირაბი ერთხელ უკვე გათხარა გორში ცხვირით, ყველამ ვნახეთ ის გვირაბი, ვფიქრობ, ეგეთი გვირაბის გამთხრელი კი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. ეგ არის ლაჩარი, კურდღელი, მთელი თავისი ცხოვრება სამარცხვინო კაცი. მხოლოდ ლაჩარი ადამიანების თავში შეიძლება დაიბადოს ისეთი მარაზმატული აზრები, როგორიც მაგათ თავში იბადება. ასე რომ, სოლოლაკში დაწყნარდნენ, იქ სააკაშვილი თავს არ ამოჰყოფს.
- რამდენად არის შესაძლებელი „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გადატრიალების მოწყობა? ბოლო პერიოდში ამაზე ხშირად არის საუბარი...
- არეულობა, როგორც წესი საზოგადოების მოთხოვნილებას, გაბრაზებას ან უიმედობას ეფუძნება. პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ მოაწყობს ვერანაირ არეულობას და გადატრიალებას, თუ მხარდაჭერა არ აქვს ხალხში. ამ იდეას ქართველ საზოგადოებაში მხარდაჭერა აღარ აქვს. ქართველმა ხალხმა საკუთარ თავზე, საკუთარ შვილებზე, საკუთარ წარსულზე განიცადა ამ ტიპის უამრავი უბედურება. ამიტომ, არა მგონია, რომ ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი მაინც იყოს, ვინც ამას მხარს დაუჭერს. სხვა საქმეა, რომ მცდელობა არის შესაძლებელი და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ბნელი ძალაა მსოფლიოში, რომელიც ცდილობს, ამ ტიპის ტერორისტების ხელით საკუთარი ბნელი ზრახვები განახორციელოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო კუთხე არის საქართველო. ნუ გვეგონება, რომ მხოლოდ კეთილგანწყობა არის საქართველოსადმი, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არიან, რა თქმა უნდა, მეგობრები ჩვენს სამეზობლოში, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც საქართველოში მაინცდამაინც მშვიდობა არ სურს. ეგეთი ძალები არიან, კარგად ფინანსდებიან, აქვთ მხარდაჭერა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. მცდელობა, დარწმუნებული ვარ, იქნება და ყველამ ვიცით მაგათი გეგმები, მაგრამ რამდენად განხორციელებადია, მაგაშია საქმე. ძალაუფლება ხელში ჰქონდათ და პანჩურებით გავყარეთ აქედან და ახლა რისი მაქნისები არიან, არ ვიცი. სხვა საქმეა, რომ ქართველი საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად და ამ შემთხვევაში ერთადერთი წამალი, ერთადერთი გარანტია იმისა, რომ არაფერი მსგავსი არ მოხდება, ეს არის არჩევნები. ამიტომ, ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი. მადლობა ღმერთს, არჩევანის სიმწირე საქართველოში არ არის. ყველა არმისული ადამიანი რეალურად შანსს აძლევს ამ ბოროტი ზრახვების განხორციელებას. ყველა, ვინც არ მოდის არჩევნებზე, ხელს უწყობს სააკაშვილს, ბოკერიას, რურუას, ცისკარიშვილს, რომ ქართველი საზოგადოების კადაფიზაცია მოახდინონ.
- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი. როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო ამ ჩანაწერის გავრცელება?
- ეგ გვარამიამ გაავრცელა, თვითონ ჩაიწერა და თვითონვე გაავრცელა, მაგას ლაპარაკი რად უნდა. ვინ არის ამის დიდოსტატი, ვინ შემოიტანა ეს საქართველოში, ყველამ ვიცით. მასშტაბური ხასიათი ამ ყველაფერს ბოკერიამ და გვარამიამ მისცეს, ამ ნაპროკურორალმა. ეგ დღემდე პროკურორია, მაგას არანაირი კავშირი ტელევიზიასთან არ აქვს. ეგ არის პროკურორი, რომელიც დანიშნეს იმისთვის, რომ მოწამლოს ქართველი საზოგადოება, როგორც წამლავს მას „რუსთავი 2". მისი დადებულია, თავიანთი განხორციელებულია. ეს ჩანაწერიც მაგათი ერთ-ერთი თანაგუნდელის მიერ არის ჩაწერილი და გავრცელებული. ამას ლაპარაკი რად უნდა. ამას ელემენტარული ცოდნა სჭირდება, მაგნიტოფონთან რაღაც კავშირი უნდა გქონდეს და ერთი-ორჯერ ჩამწერ სტუდიაში უნდა იჯდე, რომ მიხვდე, ვინ სად ზის, ვინ როგორ ზის, ვინ რითი ლაპარაკობს და რითი უკავშირდება. ეს ყველაფერი სააკაშვილთან ხდება და რომელიღაცა მისმა უახლოესმა ადამიანმა, იქ მჯდომმა, ჩაიწერა და გაავრცელა, რად უნდა ლაპარაკი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ჩამწერი სააკაშვილს დამაგრებული აქვს ან იქვე უდევს სადმე.
- ასევე გავრცელდა ოთარ დანელიას ფარული ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2"-ის ეთერში სარეკლამო ჭრის დროს არის ჩაწერილი. ხომ არ ხედავთ ორივე მასალის გავრცელების შემთხვევაში გვარამიას ინტერესს?
- ეს არის მაგათი სტილი. ეს მათი მეთოდია. ასე ცხოვრობენ და ასეთი მენტალობა აქვთ. ჩასაფრება, ჩუმი ჩაწერა, მიყურადება, ჭუჭრუტანაში ყურება, სხვისი ცხოვრების გამწარება, ხელკეტები უკანალში, ეს არის მათი ცხოვრების სტილი.
- წინასაარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებდით? არის თუ არა დაძაბული ვითარება, ან შეინიშნება თუ არა რაიმე სახის პროვოკაციების საშიშროება?
- მე დაძაბულობას ვერ ვხედავ ეს ბოროტმოქმედთა დაწესებულება რომ არ იყოს „რუსთავი 2"-ის სახით და ერთი-ორი არშემდგარი ტელევიზია, რომლებიც გუშინწინდელ დღეში არიან ჩარჩენილები და ფიქრობენ, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესოა, როგორ აფურთხებენ და აგინებენ ერთმანეთს და ჭიქებს როგორ ამსხვრევენ ერთმანეთს თავზე. ეს არის ნამსხვრევები „რუსთავი 2"-ის, რომლებმაც გუშინწინდელი დღიდან ამოყვეს თავი. აი, ესენი ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობებს, სხვანაირად მათი არსებობა შეუძლებელია. რომ არა ეს თითიდან გამოწოვილი გაუთავებელი სკანდალები, მათი მნიშვნელობა და მათი დანიშნულება აღარ არის და რაც მთავარია, მინდა გითხრათ, რომ ხელოვნურად ხდება ამ დაძაბულობის ჭერა ქართველ საზოგადოებაში. რეალურად, არანაირი დაძაბულობა არ არის. საერთოდ, კარგი წინასაარჩევნო გარემო არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველა ლანძღვა-გინებაზეა გადასული, მაგრამ იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც არის მიღებული, ვფიქრობ, რომ ასეთი უსაფრთხო გარემო არასდროს ყოფილა.
- თქვენი აზრით, რა შედეგები შეიძლება მოგვცეს არჩევნებმა?
- ერთადერთი შედეგი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება განახორციელებს, იქნება ის, რომ წერტილი დაესმება ამ ბოროტ სექტას და ყველა მის ნამსხვრევები, რომლებიც ვითომ სხვები არიან და რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებაა. ვფიქრობ, ამ არჩევნებით მითი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურობის შესახებ დამთავრდება. საქართველოში არის საკმაოდ განვითარებული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ სიბნელე მაინც არის, ქვეყანა წინ მიდის და ეს, დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგებზეც აისახება.