„თავის დროზე რექტორმა პაპავამ დაუშვა შეცდომა, რადგან მოსვლისთანავე არ მოიშორა გიორგი გაფრინდაშვილი", - ამ განცხადებას თსუ-ს ლექტორი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური აკეთებს. როგორც პროფესორმა გადაცემა „20/30"-თან სტუმრობისას განმარტა, უნივერსიტეტში კვლავ არის ხალხი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ფიზიკურად უსწორდებოდა სტუდენტებს.
„ერთ-ერთი მათგანი რექტორმა პაპავამ არათუ გაუშვა უნივერსიტეტიდან, არამედ სპორტის დეპარტამენტის უფროსად დანიშნა.
პაპავას უნდა ეთქვა, რომ ადამიანები, რომლებიც შემჩნეულნი არიან ზონდერ-ბრიგადების მხარდაჭერაში, არ უნდა იყვნენ უნივერსიტეტში.
სხვათაშორის, დღეს მან გაუღო კარი იმ ჯგუფს, რომელიც უნივერსიტეტში შემოიჭრა, რათა უფრო მეტი არეულობა ყოფილიყო. ეს ადამიანი, თუ არ ვცდები, გვარად ხორძევანიძეა", -განაცხადა ოთხმეზურმა.
მისი ინფორმაციით, სააკაშვილის მმართველობის დროს უნივერსიტეტიდან გაყარეს ძალიან ბევრი ადამიანი და მოიყვანეს ე.წ. „წითელი ინტელიგენცია", რომელიც დღესაც უნივერსიტეტშია:
„საზოგადოებას მინდა გავახსენო, როდესაც სააკაშვილი ესაუბრებოდა ნიკა გვარამიას და ეუბნებოდა, მოაწყვეთ „რუსთავი 2"-თან აქცია, მოიყვანეთ „ბოევიკები", გააკეთეთ ბარიკადები და მოკალით ბავშვიანი ქალი, რომ რაც შეიძლება დიდი აურზაური ატყდესო. სამწუხაროდ, ამან დღეს უნივერსიტეტში შემოაღწია", - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.