უნიკალური ბიოგრაფიული ლიტერატურული პროექტის - "ასი წიგნი - „ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო" გამოცემა განახლდა და დღეიდან საცალო ქსელში, გაზეთ „ქრონოგრაფთან" ერთად, გაყიდვაშია გამოცემის საიუბილეო 50-ე ტომი.
მკითხველი ამჯერად ჩილეს დიქტატორ პინოჩეტის ცხოვრების დღემდე უცნობ დეტალებს გაეცნობა. განახლებული გამოცემის და საიუბილეო ტომის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
პროექტის კონსულტანტის ლაშა გურგენიძის თქმით, საგულისხმოა, რომ ავტორების და გამომცემლების მთავარი მიზანია, მაქსიმალურად თანამედროვე და ობიექტური ბიოგრაფიები შესთავაზონ მკითხველს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება დიქტატორებზე თხრობას, (მაგალითად, ფრანკო, პინოჩეტი), რომელთაც კომუნისტური საფრთხე ააცილეს თავის ქვეყნებს და საბჭოთა პროპაგანდის ყველაზე საძულველი სამიზნენი გახდნენ. ვინ იყო სინამდვილეში პინოჩეტი, სწორედ ახლახანს ჩვენ მიერ თარგმნილი და გამოცემული მისი ბიოგრაფიიდან გაიგებს მკითხველი, - ამბობს ლაშა გურგენიძე.
გამოცემა - „ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო", მიზნად ისახავს ქართველ მკითხველს უფრო ახლოს გააცნოს მსოფლიო მასშტაბის ის პიროვნებები, რომელთა მოღვაწეობამაც სასიკეთოდ, ან საზიანოდაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად შეცვალა საერთაშორისო ისტორიის განვითარება პოლიტიკის, ხელოვნების, მეცნიერებისა თუ სხვა სფეროებში.
ბიოგრაფიულ პროზას იმთავითვე დიდი ინტერესით შეხვდა ქართველი მკითხველი. ამის ადასტურებს პირველი ტომის, დიდი ინდოელი მოაზროვნისა და ჰუმანისტის - მაჰათმა განდის ბიოგრაფიის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად გადაქცევა.
დღემდე გამოცემული ტომები მოიცავს მსოფლიო მასშტაბის ისეთი აღიარებული პოლიტიკოსების, სამხედრო სტრატეგების, ხელოვანებისა თუ მეცნიერების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ბიოგრაფიულ პროზას, როგორებიც არიან: განდი, ჩერჩილი, ფრანკო, ალფრედ ნობელი, ზიგმუნდ ფროიდი, მარგარეტ ტეტჩერი, აინშტაინი, იოანე პავლე II, ნაპოლეონი, რონალდ რეიგანი, კოკო შანელი, სალვადორ დალი, ნელსონ მანდელა და სხვები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ამ გამოცემას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, არის ის, რომ ამგვარი ბიოგრაფიებისა და ისტორიული პერიოდების გაცნობა ქართველ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიო მასშტაბში აღიქვას საქართველოს ისტორია.
ლაშა გურგენიძის თქმით, პროექტის ავტორები და გამომცემლები განსაკუთრებით ემადლიერებიან „პროკრედიტ ბანკს". სწორედ მასთან წარმატებული თანამშრომლობით მოხერხდა ამ უნიკალური ბიოგრაფიული პროექტის განახლება და უკვე დღეიდან, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, მკითხველი გამოცემის მორიგ ტომს მიიღებს. ახალი ტომებიც, გაზეთ „ქრონოგრაფთან" ერთად, ხელმისაწვდომი იქნება პრაქტიკულად ყველგან, სადაც ჟურნალ-გაზეთებია.
საგამომცემლო ჯგუფი იმ მკითხველის ინტერესსაც მაქსიმალურად ითვალისწინებს, რომელთაც პოლიტიკაზე არანაკლებ ლიტერატურა, ხელოვნება და საზოგადოებრივი ასპარეზის სხვა სფეროები აინტერესებთ. მომდევნო გამოცემებში წარმოდგენილი იქნება იულიუს კეისრის, ლინკოლნის, დედა ტერეზას, გოლდა მეიერის, კენედის, ნიკოლა ტესლას, ედიტ პიაფისა და ვან გოგის ბიოგრაფიები.