სახელმწიფო აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილ წევრს ხათუნა ლაგაზიძეს გამოკითხვაზე იბარებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე ეხება ლაგაზიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ აქვს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" დაფინანსების უკანონო სქემების შესახებ.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსების კანონიერების შესწავლის ფარგლებში სამსახური გამოკითხვაზე მობრძანებას სთხოვს ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს, რომელმაც გუშინ სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" დაფინანსების უკანონო სქემების შესახებ.
ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძე გამოკითხვაზე დაბარებულია 30 სექტემბერს, 12 საათზე, რის შესახებაც უწყება დღეს გაიგზავნა მის იურიდიულ მისამართზე და საჯარო განცხადებითაც ვთხოვთ მას, მობრძანდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.