ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საჭიროა ექსპერტიზის პასუხების მიღება, რის შემდეგაც, თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდება, ყველა პირი კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში თუკი მტკიცებულებები არის არასწორი გზით მოპოვებული, მათ ძალა არ აქვს. სწორედ ამ მიმართულებით ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა" თემის გადატანას. წინ წევენ თემას, რომ ეს არის არასწორად მოპოვებული და მაშასადამე შეიძლება იყოს ყალბი.
პირველ რიგში, დაველოდოთ საექსპერტო ბიუროს დასკვნას. არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოძიება მიიღებს სხვა სიმძაფრეს. თუ დამტკიცდა, რომ ჩანაწერი ნამდვილია, მაშინ უკვე თხოვნით არ მიმართავენ დეპუტატობის კანდიდატებს სამართალდამცავები და სხვა ზომებს გაატარებენ.
ეს არის ყოველთვის შემოგდებული თემა იმისათვის, რომ რეალური შინაარსი იყოს შენიღბული",- განაცხადა ხუციშვილმა.