29 სექტემბერს, დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად კაფსულა უეფას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სლოვენიელმა ალექსანდ ჩეფერინიმ ჩაუშვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ფეხბურთის ფედერაცის აკადემიის აღსაზრდელები, ახალგაზრდა ფეხბურთელები. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩეფერინმა პირველი ვიზიტი საქართველოში დაგეგმა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და მხარდაჭერაა. „ახალი თბილისის ტერიტორიაზე" სულ 7 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი მოეწყობა.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში 2016-2017 წლებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი აშენდება. პროექტის საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro" გაუძღვება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.