logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავისი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად იყენებს
- +

ავტორი ანა ფერაძე

29 სექტემბერი. 2016. 19:36

 

 

ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის აუდიოჩანაწერზე ისაუბრა, სადაც  რევოლუციის სცენარს განიხილავენ.


ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან" მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აწყობს რევოლუციური სცენარი და სხვა წევრებს ამისთვის გამოიყენებს, თუმცა ამის გაკეთება შეუძლებელია.


- როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბრის აუდიოჩანაწერს, არის თუ არა მოსალოდნელი ქვეყანაში რევოლუციის საფრთხე?

 

- გავრცელებული აუდიომასალის ავთენტურობას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ეს აუდიომასალა რეალურია, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორც პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერმა სხვადასხვა გზები აირჩიეს. აუდიოჩანაწერში გიგა ბოკერიაზეა საუბარი. ბოკერიას მიდგომა უფრო რეალისტურია, პარტია თავის თავს შეინარჩუნებს, თუკი გაჰყვება საარჩევნო წესს და შემდეგ უკვე პარლამენტში შექმნის კოალიციას და ა.შ. მაგრამ თუ ის წავა რევოლუციის გზით და დღეს არსებული ხელისუფლება ამ ქმედებას შეაჩერებს, სააკაშვილი ატეხს ყვირილს, რომ საქართველოში დიქტატურაა.


მიხეილ სააკაშვილი ამ სცენარით აკაკი ბობოხიძეს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს და ა.შ. მსხვერპლად წირავს იმისთვის, რომ თვითონ პოლიტიკური შედეგი მიიღოს. ეს დაახლოებით ის ლოგიკაა, როცა მერაბიშვილი ყვიროდა, ორი გვამი მჭირდებაო. სააკაშვილსაც მსხვერპლი სჭირდება თავისი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად.


ერთადერთი, ვინც რევოლუციის სცენარში მოიგებს, კონკრეტულად ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი იქნება, სხვა დანარჩენი კი განწირულია.


აუდიოჩანაწერი სად ჩაიწერა და ვინ გაავრცელა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რადიკალური გზა რომ სააკაშვილს უნდოდეს, ეს ლოგიკურია, რადგან თუ პროცესები ჩვეულებრივ მშვიდობიანი გზით წავიდა სააკაშვილი კიდევ ოთხი წელი ვერ ჩამოვა საქართველოში.


- შესაძლებელია თუ არა, მიხეილ სააკაშილი საქართველოში ჩამოვიდეს?


- ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა შეუძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გადატრიალდება, მხოლოდ მაშინ შეძლებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას.


ცოტნე გამსახურდიამ ასეთი რამ თქვა „ნაციონალური მოძრაობა" იმდენს იზამს, ლინჩის წესით გაასამართლებენო. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის პერიოდში გაამწარეს, სასამართლოს აღარ ენდობა და საკუთარ სასამართლოზე გადავა. სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება მძლავრი სტიმული იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობით" გამწარებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი პარტია ცუდ დღეში აღმოჩნდება. ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთი სცენარის განვითარებას. ამით „ნაციონალური მოძრაობის" არსებობა დამთავრდება, მაგრამ მთლიანობაში ეს ქვეყანასაც ძალიან უკან დახევს.


- რომელ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შანსი, გადალახონ 5%-იანი ბარიერი და მოხვდნენ პარლამენტში?

 

- „ქართული ოცნების" შემდეგ ხმებს „ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს. თუ აღმოჩნდება, რომ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" უკონკურენტოდ  მოვიდნენ, მაშინ დარჩენილი გამოუყენებელი ხმები იმავე პროპორციით გადანაწილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთივე პარლამენტს მივიღებთ, რომელიც ბოლო 4 წელია გვაქვს.


პაატა ბურჭულაძეს შანსი ჰქონდა, რომ 5%-იანი ბარიერი გადაელახა, მაგრამ დღეს მას ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ „პატრიოტთა ალიანსს", „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას", „ლეიბორისტებს", „დემოკრატებს", ეს პარტიები ზღურბლთან დგანან. რომელი პარტიის რეიტინგი აიწევს ან დაიწევს, ამ მოკლე პერიოდში პროგნოზის გაკეთება ძნელია. 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner