13 ოქტომბერს გერმანიაში 20 000 ძირი რაჭული სოჭის ნერგი დაირგვება. ბერლინის შემოგარენში ნერგები 3 ჰექტარზე განთავსდება და პროცესში მონაწილეობას 150 ბავშვი მიიღებს. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია Fair Trees, რომელიც რაჭული სოჭის თესლის ექსპორტს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.
ყოველ წელს ევროპაში 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება და ამ ნაძვების დიდი წილი, დაახლოებით 90% ქართული წარმომავლობის იმ თესლიდან არის, რომელიც რაჭიდან არის ჩატანილი. თემაზე ''საქმიან დილასთან" Fair Trees-ის ფონდის მენეჯერი ჟანა ბაბუნაშვილი საუბრობს.
- ქალბატონო ჟანა, რა გზებით გადის და როგორ იყიდება ქართული ნაძვის თესლი ევროპაში?
- ნორდმანი, იგივე სოჭი უნიკალური ნაძვია, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადი საშობაო პერიოდშია. მომხმარებლის უმეტესობამ არ იცის, რომ ის საქართველოდანაა. ევროპის მოთხოვნა ქართულ საახალწლო ხეებზე შეიძლება ნორდმანის სოჭის ბუნებრივი სილამაზითაც აიხსნას. სხვა მარადმწვანეებთან შედარებით, აღსანიშნავია ამ ჯიშის ხეების წიწვების ნაკლები სიბასრეც და ის, რომ ამ ჯიშს, ხმობის პროცესშიც კი, წიწვები ნაკლებად სცვივა, მცენარე ძალიან სიმეტრიულია და წებოვნებაც არ ახასიათებს. დანიელები პროფესიონალები არიან მის გაღვივებაში, ბევრჯერ იყო მცდელობა საქართველოშიც შეექმნათ სანერგე მეურნეობა თუმცა ბაზარი არ გვაქვს. რაჭული თესლი საუკეთესოა, მაგრამ აღმოცენების უნარი საუკეთესო კლიმატიდან გამომდინარე დანიაშია.
- Fair Trade-ის ვებ-გვერდზე წერია, რომ როდესაც Fair Trade-ის ყიდულობ, ის გარანტიით მოდის რომ ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებს ანგარიში გაეწია უმაღლეს დონეზე. რას ნიშნავს ეს, ანუ რით განსხვავდება ჩვეულებრივად გაზრდილი ნაძვისგან?
- ჩვენს გარდა, საქართველოდან სოჭის გირჩის ექსპორტს 12 კომპანია ეწევა, მაგრამ ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელსაც გვაქვს Fair Trade-ის ეტიკეტი. ეს მსოფლიო მარკაა, რომელიც მთელ რიგ ჰუმანურ და ეთიკურ პრინციპებს უზრუნველყოფს. როდესაც განვითარებულ ქვეყანაში მოიპოვებ რაიმეს უნდა უზრუნველყო ევროპული სტანდარტები, რაც უპირველესად, ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებას გულისხმობს. ჩვენ უამრავ რესურსს ვდებთ ამ ადამიანების ტრენინგებში, წელიწადში ორჯერ გერმანელ ტრენერს ვიწვევთ. შემდეგ უკვე საუბარია ხარისხზე და რა თქმა უნდა, ხელფასზე. ანაზღაურება იმდენი უნდა ქონდეს, რომ ადამიანის ღირსება დაცული იყოს. ადამიანი დაახლოებით 30-დან 60-მეტრამდე სიმაღლის ხეზე ადის, რადგან ნაძვი მხოლოდ წვეროში იბამს ამ გირჩს და ამ ადამიანების სიცოცხლე 100%-ით დაცული უნდა იყოს. ევროპელებისთვის საახალწლოდ და საშობაოდ 1 -1,2 მეტრის ნაძვი კარგ ზომად ითვლება, ეს ზომა მათ აკმაყოფილებთ. 9 წლის განმავლობაში ძალიან დიდი რესურსი იხარჯება მცენარის მოვლაზე.
- ყოველი გაყიდული ხიდან დაახლოებით 2 ლარამდე, 1, 75 ლარი საქართველოს უბრუნდება. კონკრეტულად რას ხმარდება ეს თანხა?
- Fair Trade-ის ნებისმიერი პროდუქტი ეს არის ბანანი, კაკაო თუ შაქარი, მსოფლიოში ოდნავ ძვირია, მაგრამ მომხმარებელმა იცის, რომ ეს სიძვირე ნიშნავს იმას, რომ ყიდულობ ისეთ პროდუქტს რომელზეც ყველა უფლება დაცულია და პლიუს მათ შორის, რაღაც თანხა საქველმოქმედოო ფონდში წავა და ამ საქველმოქმედო ფონდით უამრავ სიკეთეს ვაკეთებთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან პატარა კომპანია ვართ და ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებულია, არ არის ჩვეულებრივი. მას შეუძლია იგივე ხარისხის თესლი ან ნაძვის ხე იყიდოს, მაგრამ განსაკუთრებული მყიდველი ყურადღებას Fair Trade-ის პროდუქტზე შეაჩერებს. ჩვენი პრიორიტეტია ჯანდაცვა, განათლება და გარემოს დაცვა, იმიტომ რომ Fair Trade არ არის მხოლოდ მარკა, რომელიც გეუბნება, რომ გადაიხადე სამართლიანი ფასი. ეს არის გარემოს დაცვაზე ზრუნვა.
- რამდენი წელია, რაც რაჭული გირჩის თესლის გატანა ხდება და როგორ დაიწყო, საინტერესოა საიდან და როდიდან ჩაეყარა ამას საფუძველი?
- როგორც ჩემთვის ცნობილია ეს 50-იანი წლებიდან გადის, მაშინ სატყეო მეურნეობების საშუალებით გადიოდა. შემდეგ თანდათან აქტიური ხასიათი მიიღო. მაგალითად, გერმანიაში ცნობადობა იმდენად დაბალია, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბერლინის გარე უბანში 2 ჰექტარზე 20 000 ძირი პატარა ნაძვი დაირგება, რომელსაც 150 გერმანელი ბავშვი დარგავს, რომელიც რა თქმა უნდა, 9 წლის შემდეგ გაიყიდება, როგორც Fair Trade. ეს გერმანიის ელჩის ლადო ჭანტურიას მხარდაჭერით მოხდება, ასევე ამ ღონისძიებას მხარს უჭერს საქართველოს საელჩო დანიაში. ამ ინფორმაციას ჩვენ იქ ვაწოდებთ საზოგადოებას. ჩვენ ღია ვართ ყველა მომხმარებლისთვის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს Fair Trade-ის მწარმოებელი თუ კი იგი აირჩევს გზას, რომელიც უკან დაუბრუნებს თანხას რაჭას.