რადიო "თავისუფლების" ცნობით, 25 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი წევრი ალექსანდრე ხუციშვილი მოკლეს. შემთხვევა ქალაქ ლას-ვეგასში, Starbucks-ის ყავის მაღაზიაში მოხდა. 1990-იან წლებში ის საქართველოს მაშინდელი ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის დაცვაში მსახურობდა. ალექსანდრე ხუციშვილი ამერიკის მოქალაქე 2004 წელს გახდა და წლების მანძილზე ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც Starbucks-ის ყავის შეძენის დროს მკვლელობაში ბრალდებულმა საკრედიტო ბარათი გამოიყენა, თუმცა არ იმუშავა, რის გამოც მომსახურე პერსონალმა მომსახურებაზე უარი განუცხადა. დაპირისპირების განმუხტვა ალექსანდრე ხუციშვილმა სცადა, რა დროსაც ბრალდებულმა იარაღიდან გაისროლა, რასაც ხუციშვილი ემსხვერპლა.
დანაშაულში ბრალდებულია 34 წლის პედრო გარსია. იგი სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა.