ავტორი ალა გრიგალაშვილი
„რამდენიმე დღის წინ დავწერე, რომ ლადო პაპავა უნდა გადადგეს. რექტორი უნდა გადადგეს, როგორც კი იგრძნობს საშიშროებას, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს რაღაც საფრთხე ემუქრებათ", - ამის შესახებ „რეპორტიორს" თსუ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას ლექტორმა ზაზა სიამაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში მძიმე ვითარებაა, რაც არა სტუდენტების არამედ „ნაციონალური მოძრაობის" კადრების ბრალია, რომლებითაც დაკომპელქტებულია დღეს თსუ.
„ძალიან მძიმე სურათია უნივერსიტეტში. თავად ვარ ყოფილი უნივერსიტეტელი და სამწუხაროდ, 12 წლის წინ მე ვიდექი იმ ადგილზე, სადაც დღეს სტუდენტები არიან. მაგრამ მე გამიმართლა, იმიტომ რომ რექტორი მყავდა სამაგალითო, ბატონი როინ მეტრეველი, რომელმაც არ დაუთმო იმდროინდელ ავადმყოფ პოლიტიკოსებს, მერაბიშვილს, სააკაშვილს, რომ შემოსულიყვნენ თსუ-ში და ემართათ პროცესები. დღეს სხვა სიტუაციაა. მე ვიყავი უნივერსიტეტში, ვერ ვიცანი ლექტორები, აბსოლუტურად სხვა ხალხია იქ. სამწუხაროდ, ერთი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის" კადრებით იყო და არის დაკომპლექტებული უნვერსიტეტი. ზოგიერთი უნივერსიტეტელი კოლეგა ამბობს, რომ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის" ზონდერ-ბრიგადებისგან არის კონტროლირებული და დაკომპლექტებული უნივერსიტეტის პროფესურაც კი. ეს არის ის, რაც ქმნის დღევანდელ პრობლემას თსუ-ში", - განაცხადა სიამაშვილმა.
მისი თქმით, უნივერსიტეტის რექტორმა ყველა შემთხვევაში უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაწმინდოს თსუ-ს პროფესურა, აკადემიური საბჭო ყოფილი ხელისუფლების კადრებისგან.
„ბატონმა ლადომ უნდა დაშალოს აკადემიური საბჭო, სადაც უნდა შედიოდნენ პოლიტიკური კუთვნილებისგან დაცლილი მეცნიერ-პროფესორები. უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნივერსიტეტი გაწმინდოს „ნაციონალური მოძრაობის" კადრებისგან, რადგან ამ მდგომარეობაში მყოფი უნივერსიტეტი ვერანაირად ვერ განაგრძობს ცხოვრებას, არ შეწყდება ეს პროცესი. საკმარისია, 2-3 ლექცია ჩაიშალოს, რომ აკადემიურ ცხოვრებას საფრთხე შეექმნას", - განაცხადა ლექტორმა.
სიამაშვილის თქმით, ასევე დაუშვებელია თსუ-ს სტუდენტთა გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის.
„დღეს სტუდენტთა შორის არის დაპირისპირება. ნამდვილად არ მინდა, რომელიმე მხარე რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს თავისი ინტერესებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ, ნამდვილად არ მინდა, ამ პარტიის წევრები იქ მივიდნენ, გამოჩნდნენ და პარტიული ნიშნები დავინახო. უნივერსიტეტი უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ზეგავლენისგან", - განაცხადა ლექტორმა.