logo_geo
eng_logo
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობაზე თინათინ რუხაძის კანდიდატურა შეირჩა
- +

30 სექტემბერი. 2016. 04:00



მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია. კონკურსი  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის შესარჩევად მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა და ორი ეტაპისგან შედგებოდა.


თბილისის მერიის ინფორმაციით, მასში მონაწილეობა 46-მა აპლიკანტმა მიიღო და არსებული კრიტერიუმების შესაბამისად, 8 კონკურსანტი შეირჩა. კონკურსის მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები კომისიამ სხვა კრიტერიუმებთან ერთად, შეაფასა  მათ მიერ წარმოდგენილი სასახლის განვითარების კონცეფციების გათვალისწინებით.


სპეციალურად შექმნილმა კომისიამ თბილისის მთავრობას თინათინ რუხაძის კანდიდატურა  წარუდგინა, რომლის დანიშვნის საკითხიც მთავრობის წევრებმა 28 სექტემბრის სხდომაზე განიხილეს.


თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსანტებს თბილისის მერის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისია აფასებდა. კომისიის შემადგენლობაში,  როგორც მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების უფროსები, ასევე, თბილისის საკრებულოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. 


თბილისის მერიაში აცხადებენ, კონკურსი ჩატარდა ღიად და გამჭვირვალედ. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. კონკურსის მთავარი მიზანი სასახლეში სისტემური რეფორმის განხორციელება, სწავლების ხარისხის გაზრდა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, თანამედროვე სტანდარტის, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, ასევე, დასაქმების ბაზარზე  ორიენტირებული სასწავლო პროგრამების დანერგვა იყო.


უახლოეს დღეებში, შერჩეული კანდიდატი  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანაშრომლებს შეხვდება და საკუთარ ხედვებს გააცნობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner