ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი, ვასილ ჯამალაშვილი ამბობს, რომ საქმის გამოძიება FBI-ს ჩართვის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ ჯამალაშვილი „20/30"-ს ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ გამოძიებას YOUTUBE-ზე წვდომა სჭირდება, რომელიც ქართულ სპეცსამსახურებს არ აქვთ.
„ეს მხოლოდ FBI-ს შეუძლია. რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ვიდეოები ატვირთული, ყველა შემთხვევაში, FBI-ს ჩართვაა საჭირო, რადგან YOUTUBE არის ამერიკაში და GOOGLE-ს მფლობელობაშია. რაც შეეხება სერვერებს, მე როგორც ვიცი, ყველა ქვეყანაში უდგას, თუმცა არა - საქართველოში. მე არ მაქვს ინფორმაცია, საქართველოდან არის ატვირთული თუ არა ეს ვიდეოები", - აღნიშნა ვასილ ჯამალაშვილმა.
ვასილ ჯამალაშვილი 2012 წელს კიბერდანაშაულთან დაკავშირებით იყო დაკავებული. ვასილ ჯამალაშვილის შესახებ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იმ დროისთვის, დედასთან და 90 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. კიბერდანაშაულის გარდა, მას მაშინ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა. ვასილ ჯამალაშვილი გირაოს - 3 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.