თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომის პაპს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან ერთად დახვდება.
დღესვე რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი სიტყვით მიმართავენ 300-მდე მოწვეულ სტუმარს, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.
1 ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.
თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.
ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მონახულებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.
რომის პაპის ორდღიანი ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ. აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა.
რომის პაპი ფრანცისკე 2 ოქტომბერს თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.