logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი და კათოლიკოს-პატრიარქი რომის პაპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდებიან
- +

30 სექტემბერი. 2016. 11:19



თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომის პაპს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან ერთად დახვდება.



დღესვე რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.



პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი სიტყვით მიმართავენ 300-მდე მოწვეულ სტუმარს, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და  სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების  წარმომადგენლები.



1 ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.



თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.



ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მონახულებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.



რომის პაპის ორდღიანი ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ. აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა.



რომის პაპი ფრანცისკე 2 ოქტომბერს თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner