ავტორი ნინო ჯიბუტი
მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მოსაზრებებს, რომ „ქართულ ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტია, არ ეთანხმება. მისი თქმით, საბჭოთა მენტალიტეტი ყოფილი ხელისუფლების პერიოდში უფრო იგრძნობოდა.
„საბჭოთა მენტალიტეტს „ნაციონალური მოძრაობაში" უფრო ვგრძნობდი. თვალთვალი, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ჩაწერა, განსხვავებული აზრის ადამიანების დაჭერა, დევნა, მიტინგებზე ხალხის ცემა, - ჩემი აზრით, ეს არის საბჭოთა მენტალიტეტი. რაც შეეხება, „ოცნებას", აქ თუ საუბარია გოგი თოფაძის სტალინის მიმართ სიმპათიაზე, ეს ერთი პარტიაა, სადაც იმ თაობის ხალხია, რომელიც სტალინს, მის მენეჯმენტს და ქვეყნის მართვას ვერ ივიწყებს, პატივს სცემს და ამიტომაც ახსენებს ხოლმე მას. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად სტალინის და ბერიას საშინელი საქმეებისა, რეპრესიებისა, ერთმანეთში რომ არ ავურიოთ, როგორც მენეჯერები და როგორც მმართველები, ბერია ძალიან ძლიერი მენეჯერი იყო, სტალინიც ამხელა ქვეყანას ასე თუ ისე მართავდა. თუკი იმ მეთოდებს გავიხსენებთ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, დაკავების დროს, ქუჩაში დახვრეტების დროს, აი, ასეთი მეთოდები ჰქონდა სტალინსაც. იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, მე რატომ არ დამხვრიტეს? - იმიტომ რომ არაფერი დამიშავებია და ვინც დახვრიტეს, ეტყობა, რაღაც დააშავაო. ასეთები არიან „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიც, ანალოგიურად საუბრობდნენ, მე რატომ არავინ მცემა ქუჩაში? და ა.შ. „ქართულ ოცნებაში", სიმართლე გითხრათ, ასე გამოკვეთილად ვერ ვხედავ, პირიქით, დასავლური ღირებულებები დომინირებს და შეძლებისდაგვარად იქითკენ მიდიან" , - აცხადებს ხუციშვილი.
ზაზა ხუციშვილმა NATO-ში გაწევრიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ NATO-ს რუსეთის ეშინია და ამ დაძაბულობის ფონზე ცდილობენ გაგვიფრთხილდნენ, რადგან პოზიტიური ცვლილებების ნაცვლად შესაძლოა, საკმაოდ ცუდი პროცესები წავიდეს.
„NATO-ს თუ არ ჩავთვლით, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, მასაც პირდაპირ ვიტყვი, NATO-ს რუსეთის ეშინია და ამიტომ არ გვიღებენ. დანარჩენი, თუნდაც ვიზის ლიბერალიზაცია და სხვა მიმართულებებში თითქოს ყველაფერი კარგად არის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი რომ არ მოაწერა უკრაინის ხელმძღვანელობამ, იმიტომ მოეწყო „მაიდანი", ჩვენებმა მოაწერეს, მიდივართ და NATO თუ მზად იქნება, ჩვენ დღესვე ვართ მზად შესასვლელად, ამაში ეჭვიც არ მეპარება. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ დაძაბულობის ფონზე გვიფრთხილდებიან და MAP არ იძლევა იმ პუნქტის ამოქმედების შესაძლებლობას, რითიც შემდეგ NATO ჩვენ დაგვიცავს. თუკი რუსეთი ნაბიჯებს გადადგამს. პირდაპირ ვთქვათ, დასავლეთს ეშინიათ რუსეთის, რადგან პუტინი უმართავი კაცია, ამიტომ სიკეთის ნაცვლად, შესაძლოა, უფრო ცუდი პროცესები წავიდეს საქართველოში და რეალურად ვერ დაგვიცავენ... ხომ ხედავთ, უკრაინაში რაც გააკეთა რუსეთმა და რეალურად ვერ დაიცვეს, შეიარაღებული ძალებით ვერ დაიცვეს, დაიცვეს გამხნევებით, ცოტა ფული მისცეს, მხარს უჭერენ და შეშფოთებულები არიან... ამიტომ ჩვენც გვეუბნებიან, ამ ეტაპზე უარესი რომ არ მოხდეს, ასე სჯობსო", - განცხადა ზაზა ხუციშვილმა.