ავტორი თამაზ ჩიქვანაია
ქართველი მოჭიდავე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს დაიბადა. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.
მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფალავნად, ხუთგზის მსოფლიოსა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი აღიარეს. მასზე საუბრისას მრავალი ეპითეტის ხმარება მომიწევს, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ, მასზე ყველაფერი ალალიაო. უდიდესი წარმატებების ფონზე ისევ ის, იუმორით აღსავსე საგარეჯოელი ბიჭია. იქნებ ცოტა უხერხულია ბიჭი უწოდო 67 წლის ჭარმაგ კაცს, ვინაც ჯანი და ილაჯი სამშობლოს დიდებას შეალია, ვისმა სისხლმა და ხორცმა, უსაყვარლესმა შვილმა, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავი გასწირა, რადგან კარგად იცოდა ვისი გორისა იყო, მაგრამ სიმართლეს ვერსად წაუვალთ, ლევან თედიაშვილი ახლაც ხალასი იუმორით აღსავსე გოგია კენკიშვილია, ვისი როლიც ასე ოსტატურად მოირგო გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია". ლევანს 700-მდე ოფიციალურ შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ წაუგია და მისი სახელი ჭიდაობის სამყაროში დღესაც უბადლო ოსტატობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოა. მის შესახებ იმდენი დაიწერა, იმდენი ფილმი გადაიღეს, რომ თითქოს ახალი და განსხვავებული რაღა უნდა თქვა, მაგრამ მაინც შევეცდები მოგითხროთ რამდენიმე ისტორია, რომელიც ამ ლეგენდარულ კაცს თავს გადახდენია. მოგეხსენებათ მის დარ პიროვნებებს ხალხი ზოგჯერ სხვის ნამოქმედარსაც მიაწერს, ამიტომ ჯერ იმაზე რასაც, როგორც იტყვიან წყალი არ გაუვა.
ჭიდაობა არც მძლეოსნობაა და არც ცურვა, რომ რეკორდები ფიქსირდებოდეს, თუმცა არის ისეთი შედეგები, რომელთა გამეორება ალბათ, შეუძლებელიც კია. 1974 წელს, სტამბულის მსოფლიოს ჩემპიონატზე, შვეიცარიელი რაფაელ მარტინეტი 3(!) წამში ბეჭებზე გააკრა. ამ მარტინეტიმ ლევანის ჯავრი სხვა ქართველ ფალავნებზე იყარა და არაერთხელ. ორი ათეული წლის მანძილზე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის რანგში ბევრჯერ გაამწარა ჩვენი ბიჭები, მათთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებით. ამ ამბებამდე ერთი წლით ადრე, კიდევ ერთი უნიკალური მიღწევის ავტორი შეიქნა. თეირანში, ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამი დღის მერე კი იქვე მიმდინარე სამბისტთა ჩემპიონატზე გამოსვლა სთხოვეს და ამანაც ყველას მუსრი გაავლო. იქვე მყოფმა დიდმა ირანელმა ფეჰლევანებმა მანსურ მეჰდიზადემ და აბდალაჰ მოვაჰედიმ ხუმრობით უთხრეს ბარემ ბერძნულ- რომაულშიც გეჭიდავა და იქაც ხომ ვერავინ მოგერევაო. ლევან თედიაშვილი ასევე ერთადერთია, ვისაც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში უპირველია.
ახლა ერთ ისეთ ისტორიას მოგითხრობთ, რომლის ნამდვილობაზეც თავს ვერ დავდებ, თუმცა, ფრიად სანდო ადამიანის, ლევანის მეგობრისგან მაქვს მოსმენილი და ამ თხუთმეტიოდე წლის წინ, როცა თავად ვკითხე მართალია ეს ამბავი თუ არა მეთქი, გემრიელად ჩაიქირქილა და მიპასუხა: ჰო, მგონი რაღაც მაგდაგვარი მართლა მოხდაო.
ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ნაკრები, მორიგი დიდი ასპარეზობისთვის, სომხურ წახკაძორში ემზადებოდა, ლევანი უკვე სახელოვანი ფალავანი და ნაკრების კაპიტანია. ტერიტორიიდან გარეთ ცხვირს არავის აყოფინებენ. ზუსტად იმავე დროს, თბილისში, ერევნის „არარატის" ფეხბურთელთა გუნდმა „დინამოს", „ლოკომოტივის" სტადიონზე 4:1 მოუგო. ამას დიდი არეულობა მოჰყვა, ცემა-ტყეპა და მანქანების დაწვა. წახკაძორში მყოფი ლევანი ისე გამწარებულა, შებნელებულზე ჩუმად გამოიპარა, ერევანში ჩავიდა, სასტუმრო „ანის" წინ მოზეიმე ახალგაზრდების ჯგუფთან მისულა და უთხოვია, 11 კაცი გამომყევით, თქვენთან პატარა საქმე მაქვსო. შემდეგ რაც მოხდებოდა, ძნელი მისახვედრი არ არის. მეორე დილით, ნაკრების მწვრთნელებს ლევანი მოუსაკლისებიათ და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ერევნის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მიაკვლიეს. მოლიციის უფროსის კაბინეტში ორ მაიორთან ერთად ჩაის შეექცეოდა. ესენი, თავად ყოფილი მოჭიდავეები, უზომოდ ბედნიერები იყვნენ, რომ ამ ბუმბერაზ პიროვნებასთან საუბარი მოახერხეს.
ერს უყვარს თავისი გამორჩეული შვილები, სიხარულით იჯერებს მის მიერ ჩადენილსა თუ მოგონილს. ლევან თედიაშვილს სხვისი ნამოქმედარის მითვისება არ სჭირდება, თავად იმდენი აქვს გაკეთებული ამ ჭირვარამიან და ხალისიან კაცს, ბარე ბევრს ეყოფა; თხრობას კი ერთი კანადელი ჟურნალისტის ნათქვამით დავასრულებ, რომელმაც ხუმრობით დიდი ტედი შეარქვა: „ლევან თედიაშვილი ყველაზე დიდია მსოფლიოში, ყველაზე დიდი და ყველაზე სრულყოფილი." მგონი, ასე ზუსტად ვერავინ დაახასიათებდა...