logo_geo
eng_logo
სასამართლო ნაციონალისტური ორგანიზაცია „ქართული ძალის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
- +

30 სექტემბერი. 2016. 12:07



თბილისის საქალაქო სასამართლო ნაციონალისტური ორგანიზაცია „ქართული ძალის" წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.


სასამართლო პროცესი დაიხურა, რადგან საქმეში მონაწილე 11 ბრალდებულიდან 7 არასრულწლოვანია. დაკავებულებს ბრალი რასობრივი დისკრიმინაციისა და ხულიგნობის მუხლით აქვთ წარდგენილი.



ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ბრალდება სისხლის სამართლის კუთხით არის უსაფუძვლო, რადგან ამ ადამიანების ქმედებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სივრციდან არ გასულა. მისივე თქმით, საქმეში დევს, რომ ერთი პირი აღიარებს შუშის ჩამტვრევას, თუმცა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ ერთი პირის აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პირის გასამართლება უნდა მოხდეს. მისივე თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, საუბარია ერთი ბანერის დაზიანებაზე და ასევე სხვადასხვა შეძახილებზე, კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ.



ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა 11-ვე დაკავებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.



თავად დაცვის მხარის წარმომადგენლები დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ, გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.



საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან დაკავებულების ახლობლები.


ერთ-ერთი დაკავებულის მშობლის განცხადებით, მისი შვილი „ქართული ძალის" წევრი არ არის და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მისი მეგობრები არიან.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მოხდა 27 სექტემბერს და ეს ახალგაზრდები ჯერ გმირთა მოედანზე იყვნენ და შემდეგ გაემართნენ მსვლელობით აღმაშენებლის გამზირისკენ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner