logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ზესტაფონში „საქკაბელის“ საწარმოში იმყოფებოდა
- +

30 სექტემბერი. 2016. 14:34



სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა. „საქკაბელში", რომელიც ზესტაფონში მდებარეობს, 2 916 000 ლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიციით, საწარმომ გადაიარაღება, ფრანგული ტექნოლოგიითა და ელექტრონული სისტემებით აღჭურვა შეძლო. პლასტმასის გრანულებისა და თანამედროვე ტიპის საკაბელო პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა, ჰალოგენის გარეშე და XLP იზოლაციით შექმნილ ელექტროგამტარ პროდუქციას ქმნის.



„საქკაბელში" დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილი ქარხანაში საწარმოო პროცესს გაეცნო.



როგორც პრემიერმა აღნიშნა, კომპანიას გაფართოების შედეგად, დაემატა ახალი ხაზები, რამაც წარმადობა დაახლოებით, 30-35 პროცენტით გაზარდა.



ეს პროდუქცია გამოიყენება როგორც საქართველოში, ასევე გადის ექსპორტზე. 30 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა და დღეს უკვე ქარხანაში 200 ადამიანი მუშაობს", - განაცხადა პრემიერმა.



გაფართოებამდე კომპანია იზოლაციის მასალას ყიდულობდა, დღეს კი, ამერიკაში შეძენილი ნედლეულით, მას ადგილზე აწარმოებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიხედვით, საქართველოში 2019 წელს დასანერგი სტანდარტი კომპანიამ უკვე დანერგა და ევროპული სტანდარტის პროდუქციას აწარმოებს.



ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია არის ხანძარუსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს, ასევე, გადის ექსპორტზე, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპაში. კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს, მას აქვს ძალიან დიდი საშუალებები. კარგია, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით, ასეთი შედეგია მიღწეული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner