logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად
- +

ავტორი ანა ფერაძე

30 სექტემბერი. 2016. 15:05


 

„როცა „ნაციონალებს" ათჯერ მეტი რესურსი და ძალა ჰქონდათ,  მაგრამ საზოგადოება მათ წინააღმდეგ წავიდა, ვერ შეძლეს, ხალხის ნებას წინ აღდგომოდნენ. ახლა მითუმეტეს, მათ ამის აღსრულების რესურსი არ აქვთ", - ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა ინტერნეტში გავრცელებულ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბრის აუდიოჩანაწერზე საუბრისას აღნიშნა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ„ნაციონალური მოძრაობის" თავქარიან ლიდერების თავში სახელმწიფოს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა შეიძლება მწიფდებოდეს.

 




„ის, რომ დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა შეიძლება მწიფდებოდეს „ნაციონალური მოძრაობის" თავქარიანი ლიდერების თავში, მე პირადად ეჭვი არ მეპარება. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარსული, აწმყო, როგორ მოვიდნენ პოლიტიკაში, როგორ მართავდნენ ქვეყანას, როგორ დატოვეს ხელისუფლება და როგორ იმუქრებიან ხელისუფლებაში დაბრუნებით - ყველაფერი ეს იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რაც ჩვენ მოვისმინეთ ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, არის ავთენტური. სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის" საფირმო ნიშნად. შესაბამისად, მათ დააანონსეს, რადგან იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ერთადერთი მეთოდი რჩებათ პროვოკაცია.

 

სად უნდა იცრუონ, თუ არა „რუსთავი 2"-ის ეთერში, გამოიტანენ ყალბ ეგზიტპოლებს და ამას გამოიყენებენ შემდგომი დესტაბილიზაციისთვის.

 

რევოლუცია ხდება მაშინ, როცა ხალხის ნების რეალიზაციას ხელს უშლის ხელისუფლება. როცა ხალხი აძლევს ხმას და ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს და ხალხის ნება არ რეალიზდება, ამ შემთხვევაში შეიძლება მას დავარქვათ რევოლუცია. ხოლო როცა საზოგადოება იმ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ არის განწყობილი, რომელიც რევოლუციის სცენარს განიხილავს, ვფიქრობ, ასეთი სცენარის განხორციელება შეუძლებელია.

 

იმ დროს, როცა „ნაციონალებს" ათჯერ მეტი რესურსი და ძალა ჰქონდათ,  მაგრამ საზოგადოება მათ წინააღმდეგ წავიდა, ვერ შეძლეს, ხალხის ნებას წინ აღდგომოდნენ. ახლა მითუმეტეს, მათ ამის აღსრულების რესურსი არ აქვთ.

 

ჩვენ მოქალაქეებს, შეგვიძლია, სახელმწიფოსთან ერთად წინ აღვუდგეთ „ნაციონალური მოძრაობის" გეგმების განხორციელებას - ჩვენი მაღალი აქტიურობით და მყარი უარით ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას. მათ ვერ უნდა გაბედონ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.





 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner