რომის პაპი ფრანცისკე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მთავრობის ცალკეული წევრები დახვდნენ.
დღეს რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი სიტყვით მიმართავენ 300-მდე მოწვეულ სტუმარს, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.
1 ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.
თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.
ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მონახულებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.
რომის პაპის ორდღიანი ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ. აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა.
2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.