საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილმის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანია, დადგინდეს, ვინ გასცემდა განკარგულებებს, ვიდრე ვინ ავრცელებდა ამ ჩანაწერებს. როგორც კობა ნარჩემაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ისეთი საქმეებია, რომლის გამოძიებაში რუსეთისა და უკრაინის გარდა, საქართველოს ყველა ქვეყანა შეუწყობს ხელს.
„ამ საქმეებს გამოუძიებელი არაფერი ჰქონდა, თუმცა დაიკარგა სამი წელი უიმედოდ. ყველამ იცოდა, რომ ასეთი ფაილები არსებობდა. ადამიანების 99%, ვისაც ჩადენილი აქვს ეს დანაშაული, მუშაობდნენ ოფიციალურ სტრუქტურებში და იღებდნენ ხელფასს. მათთვის კვალიფიციურად უნდა მოგვეთხოვა, ვინ აკეთებდა ამას. დღეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ საქმეების გამოძიება მოხდეს. ნებისმიერი ქვეყანა მისცემს უფლებას ქართულ საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ შევიდნენ მათ ტერიტორიაზე და აწარმოონ კონკრეტული გამოძიება. მივიჩნევ, რომ უფრო მნიშვნელოვანია, დადგინდეს, ვინ გასცემდა განკარგულებებს, ვიდრე ვინ ავრცელებდა ამ ვიდეოებს", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.