logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მშვიდი და დემოკრატული წინასაარჩევნო გარემო
- +

ავტორი ანა ფერაძე

30 სექტემბერი. 2016. 17:41


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „რეპორტიორთან"  წინასაარჩევნო გარემოზე და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა. გოგიჩაიშვილის თქმით 25 წლის განმავლობაში ასეთი მშვიდი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა და 8 ოქტომბრის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.


ლევან გოგიჩაიშვილი ასევე შეეხო ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები რევოლუციის სცენარს განიხილავენ. გოგიჩაიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის"  მცდელობას აღსრულება არ უწერია.


- როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს?

 

- ბოლო 25 წლის განმავლობაში არასდროს წინასაარჩევნო გარემო ასე მშვიდად და წყნარად, დემოკრატიული პროცესების და კანონის დაცვით არ ჩატარებულა. „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სამართლიანად  და  მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები.


- გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად შესაძლო რევოლუციის სცენარს განიხილავს. არსებობს თუ არა ქვეყანაში რევოლუციის საფრთხე?

 

- „ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობა სურს. ყველა გამოკითხვით და შეფასებით, ისინი  წარმატებას ვერ მიაღწევენ.  მათი აზროვნებიდან გამომდინარე, მათი მოღვაწეობის სტილიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, გადატრიალების სცენარზე ფიქრობდნენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ გეგმის აღსრულების არანაირი რესურსი არ აქვთ.


დესტაბილიზაციის და კანონის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა, რა თქმა უნდა, დაისჯება  კანონის შესაბამისად. მითუმეტეს, ამ მცდელობას არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ დაუშვებს. სწორედ საზოგადოებაა მოწოდებული იმისკენ, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ეს რეალურად იგრძნობა კიდეც.

 

- რა პრობლემები აქვს მოსახლეობას, რომელსაც თქვენ ხვდებით და გამარჯვების შემთხვევაში რას ჰპირდებით მათ?

 

- ყველა ადამიანს თავისი პრობლემა აქვს. ჩვენ ძალიან აქტიურ კამპანიას ვატარებთ, ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნებიდან" იყვნენ წარმოდგენილი და დღეს ოპოზიცურ პარტიებს წარმოადგენენ, რაც მათი არჩევა მოხდა, მის შემდეგ იმ ხალხთან არ გამოჩენილან, ვისი დამსახურებითაც პარლამენტში მოხვდნენ.  ჩვენ აქტიურად მუშაობას ვაპირებთ მოსახლეობასთან. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მუშაობას და ავაწყობთ საზოგადოებასთან სწორ კომუნიკაციას. ვაპირებ, მაქსიმალურად ყოველდღიურად ვიყო მათთან ერთად და ვფიქრობ, ძალიან ბევრ პრობლემას მათთან ერთად გადავწყვეტ.


ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ამომრჩევლის კანონიერი უფლებები.


იმაზე მეტს არასდროს არ ვიტყვი, რისი გაკეთების საშუალებაც არ მექნება. შესაბამისად, როცა ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მივა, მან უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს „ქართულ ოცნებას", რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.


მე ვარ „ქართული ოცნების" გუნდის წევრი და იმ პასუხისმგებლობის მატარებელი, რაც ჩვენს პროგრამასთან მიმართებაში გვაქვს.


- რა მოლოდინი გაქვთ არჩევნებთან დაკავშირებით?

 

- ჩვენი მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ოლქში. ეს მოლოდინია და რეალობაც გახდება 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მაგრამ ყველაფერი მაინც, რა თქმა უნდა, ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ტარდება ბევრი გამოკითხვა და კვლევები, მაგრამ ყველაზე საინტერესო და რეალურ შედეგს არჩევნები გვაჩვენებს, როდესაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმების დათვლა. მთავარ შედეგს ჩვენ 8 ოქტომბერს ველოდებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner