„ქვეყანას 2012 წლის არჩევნების წინ მართავდნენ პოლიტიკური კანიბალები და დღეს ვეგეტარიანელი ხელისუფლება გვყავს", - ამის შესახებ „რეპორტიორთან" ინტერვიუში ორი მოწვევის პარლამენტარმა, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და განაცხადა, რომ „დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საუკეთესო საარჩევნო გარემო გვაქვს".
რას ფიქრობს ლაშა ნაცვლიშვილი 2016 საპარლამენტო არჩევნებზე და რა მოლოდინები აქვს, ამის შესახებ იგი „რეპორტიორს" ესაუბრა.
- ბატონო ლაშა, ბოლო რამდენიმე დღის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე გკითხავთ. მედიაში გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად ავთენტურია აღნიშნული ჩანაწერი და ზოგადად რამდენად რეალურად მიგაჩნიათ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა?
- თავად „ნაციონალური მოძრაობის" განვლილი გზა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ „ნაციონალები" დესტაბილიზაციის მოწყობას შეეცდებოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩანაწერი ავთენტურია.
მინდა, 2008 წლის არჩევნები გავიხსენო. იმისთვის, რომ ტემპერატურა აეწიათ, ხურჩაში ყუმბარმტყორცნი ესროლეს მიკროავტობუსს, თავისი ქვეყნის ხალხს. თან, ეს მოხდა მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და უკვე მოგებული ჰქონდათ არჩევნები. ოპოზიცია პრაქტიკულად დაშლილი იყო. ბადრი პატარკაციშვილი იყო მკვდარი. მიუხედავად სააკაშვილის მაშინდელი უპირატესობებისა, მან მაინც მიმართა ასეთ უსინდისო ხერხს. შესაბამისად, მის ტვინში რომ ასეთი რაღაცები მწიფდება, აღარავის უკვირს.
სააკაშვილის პრობლემა არის შესაბამისი რესურსის არარსებობა და რის წინაშეც ის უკან დაიხევს, ეს გახლავთ ხალხის ნება. არჩევნებზე საზოგადოების მაღალი აქტივობა უნდა დაფიქსირდეს და ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილს ცივი წყალი გადაესხმება.
რასაკვირველია, პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამ პროვოკაციებსაც თავისი ზღვარი აქვს.
2006 წელს ყველაფერი მათ ხელში იყო. მანდატიც ჰქონდათ და ყველა სხვა უპირატესობაც. უბრალოდ, ადგილობრივი არჩევნები უნდა დანიშნულიყო. ყველა ვფიქრობდით, რომ არჩევნები დაინიშნებოდა 2007 წლის გაზაფხულზე და თავადაც ასეთ ფონს ქმნიდნენ. უცებ გამოვიდნენ და თქვეს, რომ არჩევნები 2006 წლის შემოდგომაზე ინიშნებოდა. შემდეგ გიგი უგულავამ იხუმრა, არჩევნები მეორედ მოსვლასავით არის, შეიძლება ხვალაც იყოსო. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ მათ ზოგადად არჩევნების მიმართ. მათი სურვილია, რომ როგორმე გააცურონ საზოგადოება. ეს მათი ხელწერაა, სიცრუე და ძალადობაა მათი საფირმო ნიშანი.
მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ნებისმიერი რამის მკადრებელია. საკითხავია, რამდენად შესწევთ მათ უნარი, იკადრონ ის, რაც მათ ტვინებში მწიფდება. მინდა გითხრათ, რომ მათ ამ მიმართულებით დიდი პრობლემა აქვთ. მათ დღეს არ გააჩნიათ არავითარი რესურსი დესტაბილიზაციის მოსაწყობად.
- აცხადებთ, რომ პროვოკაციები მოსალოდნელია. საიდან უნდა ელოდოს საზოგადოება პროვოკაციებს, რა გზებით ეცდებიან „ნაციონალები" ამის განხორციელებას?
- ისინი აპირებენ, რომ არეულობის მოსაწყობად ეგზიტპოლის შედეგები გამოიყენონ, რომელსაც თავად გააყალბებენ. სააკაშვილს პირში ენა არ უჩერდება და თავად დააანონსა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება ეგზიტპოლის შედეგები.
მინდა, გაგახსენოთ ერთი ამბავი. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ზურაბ ჟვანიამ მაშინდელ პოლიტიკურ დღის წესრიგს აცდენილი კამპანია აწარმოა, ჩემი აზრით, პოზიტიური. მაშინ სააკაშვილი მიხვდა, რომ აგრესიული ნეგატიური კამპანია იქნებოდა საჭირო შევარდნაძის რეჟიმთან საბრძოლველად. ზურაბ ჟვანიას ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდა და ის ადგა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, თავისი გუნდის სახელის გასამყარებლად, გამოაქვეყნა ვითომ ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც მას თითქოს ხმას აძლევდა ამომრჩეველთა 22 %. სააკაშვილი ამაზე ძალიან გაბრაზდა და პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ჟვანია ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩევნებს აყალბებდა და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, სოციოლოგიური კვლევების გაყალბება დაიწყო. რას წარმოიდგენდა მაშინ, 2003 წელს, ამომავალი ვარსკვლავი სააკაშვილი, რომ საკუთარ თავზე ამბობდა ამას. 2016 წელს ჩვენს წინ არის სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩევნებს აყალბებდა, ახლა კი კვლევების გაყალბებით არის დაკავებული. სააკაშვილი კვლევებს აყალბებს ზუსტად იმ ხალხის მეშვეობით, ვისაც უწუნებდა ჟვანიას, ვგულისხმობ გოგორიშვილსა და მაჭავარიანს.
თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ამ მდინარეში მეორედ ვეღარ შევა. ის ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, რადგან ამის რესურსი არ გააჩნია.
- როგორ შეაფასებთ ხელისუფლების რეაგირებას გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?
- გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს დემოკრატიულ პროცედურებში ხალხისა და სახელმწიფოს უსაფრთხოება.
- სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე რა აზრის ხართ? რამდენად რეალურია მისი ეს განცხადებები?
- სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება. ეს არის მისი მხრიდან თავისი გუნდისა და ამომრჩევლის გამაგრების მცდელობა. ის აქ ჩამომსვლელი არაა.
- როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს? პარალელი რომ გავავლოთ 2012 წლის არჩევნებთან, არის თუ არა ვითარება გაუმჯობესებული და რა კუთხით?
- ქვეყანას 2012 წლის არჩევნების წინ მართავდნენ პოლიტიკური კანიბალები და დღეს ვეგეტარიანელი ხელისუფლება გვყავს. სამწუხაროდ, პოლიტიკური კანიბალები ვეგეტარიანელებს მენიუს უწუნებენ და ვეგანობისკენ მოუწოდებენ.
დღეს წინასაარჩევნოდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უპრეცედენტოდ თავისუფალი გარემოა. ეს არ არის ჩემი ექსკლუზიური მოსაზრება, ამას ყველა ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ადასტურებს. ჩვენ თავადაც ხომ ვხედავთ, როგორ გარემოში ვართ. თუმცა, არის თუ არა უნაკლო გარემო? ალბათ, არა. სრულყოფას ზღვარი არ აქვს.
ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ხელისუფლება ადამიანებს არ ერჩის სახელმწიფო პოლიტიკური ნების ფორმირებისა და მისი რეალიზაციის დროს. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა და ეს ყველა ჩვენგანის დივიდენდია. ჩვენ ყველანი ვიგებთ ამით.
- როგორი წარმოგიდგენიათ მე-9 მოწვევის პარლამენტი?
- ჩემი სურვილია, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. 4-5 პარტია რომ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ეს იქნება კარგი. 2-პარტიული პარლამენტი იქნება ძალიან ცუდი.
პოლიტიკური პროცესი უნდა მიდიოდეს შესაბამის მოედნებზე და ეს მოედანი არის პარლამენტი. ძალიან ცუდი იქნება, თუ ინტერესთა ჯგუფები საკუთარ წარმომადგენლებს ვერ იხილავენ პარლამენტში. ეს იქნება წინაპირობა, რომ გარკვეული პოლიტიკური პროცესები გადავიდეს სხვა მოედნებზე, რაც ყველა ჩვენგანს დააზარალებს.
- როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ხელისუფლების შეცვლის ალბათობა?
- რასაკვირველია, არა. არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ ხალხი გაეყაროს საკუთარ ხელისუფლებას. როდის ეყრება ხალხი ხელისუფლებას? საზოგადოებას ან უნდა ჰქონდეს ეგზისტენციური საფრთხის განცდა, ან მზეჭაბუკი უნდა ჩანდეს ჰორიზონტზე. 2012 წელს ორივე წანამძღვარი სახეზე იყო. იყო ხელისუფლების აუტანელი რეჟიმი და ჩანდა მზეჭაბუკი, ბიძინა ივანიშვილის სახით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჯერჯერობით ყველა იმედები არ ახდა, ხელისუფლება ზრუნავს ხალხზე, არ ძალადობს და რაც მთავარია ჰორიზონტზე დღეს მზეჭაბუკი არ ჩანს. შესაბამისად, არანაირი წინაპირობა, რომ ხალხი გაეყაროს ხელისუფლებას, არ არსებობს.
დღეს მთავარია, საზოგადოების განწყობა აისახოს ბიულეტენებზე და ამისთვის საჭიროა სწორი საარჩევნო გარემო, პროვოკაციებისგან დაზღვევა და მოსახლეობის მაღალი აქტივობა.