უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისასალმებელი ოფიციალური სიტყვა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკესადმი:
თქვენო უწმინდესობავ, პაპო ფრანცისკე!
მოხარულნი ვართ თქვენი სტუმრობით და გულითადად მოგესალმებით იმ ერის სახელით, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა მარიამისა; მოგესალმებით იმ ეკლესიის სახელით, რომელსაც საფუძველი იესო ქრისტეს მოწაფეებმა დაუდეს. ყველასათვის ცნობილია, რომ რომის ეკლესია დააარსა წმ. პეტრე მოციქულმა, საქართველოს ეკლესია კი, - წმ. ანდრია პირველწოდებულმა; პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ და ჩვენც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და გვმართებს.
საქართველო დიდჭირგამოვლილი პატარა ქვეყანაა. აქ სხვა და სხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები მრავლად ცხოვრობენ და ერთმანეთთან და ჩვენს ხალხთან მეგობრულ ურთიერთობებს საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებენ. ასეთი გარემოს შექმნა პირველ რიგში ქრისტიანულმა რწმენამ და ქართველი ადამიანის მოსიყვარულე გულმა განაპირობა, რასაც აქ მკვიდრი ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის გრძნობდნენ, თვითონაც პატივისცემას ამჟღავნებდნენ ჩვენს მიმართ და იცავდნენ იმ ზღვარს, რომლის იქით სიყვარული იკარგება.
აქ, ამ ქვეყანაში არასოდეს ჰქონია ადგილი ანტისემიტიზმს. ებრაელებს საქართველო მუდამ თავის შვილებად აღიქვამდა და ყოველთვის იფარავდა დევნისაგან.
ჩვენ ვცხოვრობთ წინააღმდეგობებით აღსავსე დროში. რთული პროცესები მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში: ერთი მხრივ დიდი ნაბიჯები იდგმევა წინ მეცნიერებასა და ტექნიკაში, მაგრამ სულიერების თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა გვაქვს. ძალიან მოკლე ხანში, ჩვენს თვალწინ, კაცობრიობა დაუცველი გახდა, ადამიანი, - კიდევ უფრო გულგრილი და სხვისი ტკივილისადმი ინდიფერენტული, ცოდვა კი, -გამრავლებული და ლეგალიზებული.
ასეთ სიტუაციაში პიროვნება კარგავს სწორ ორიენტირს და საკუთარი პრობლემების მოგვარების გზებსაც ვეღარ აგნებს. ეკლესიისთვისაც რთული პერიოდია, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ სიყვარულით, მოთმინებითა და თანალმობით დავეხმაროთ მოყვასს ჭეშმარიტების შეცნობაში, მადლის მოპოვებაში, სხვისთვის ცხოვრების სწავლაში.
კიდევ ერთი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენ ყველანი ვდგავართ, არის ის, რომ მსოფლიო მოიცვა გლობალიზაციის პროცესმა. ეს გარდაუვალი მოვლენაა და მას თავისი დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ საშიშროებაცაა იმისა, რომ ყველაფერი გაერთფეროვნდეს.ამიტომაც ამა თუ იმ ერს იდენტობის შესანარჩუნებლად თავისი კულტურის, ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვა მტკიცედ მართებს და ეს, ვფიქრობ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
დღეს მსოფლიოსათვის საჭირბოროტო საკითხს ასევე წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები და მილიონობით რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნილი,განსაკუთრებით ევროპაში.
ბუნებრივია, ჩვენ თანავუგრძნობთ მათ და გული გვტკივა მომხდარის გამო; მით უმეტეს, რომ მსგავსი პრობლემები 25 წლის წინ და შემდეგაც ჩვენც შეგვექმნა და დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
მართალია, ამ ხნის მანძილზე დიდი იყო და კვლავაც არის დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენდამი, მაგრამ 500 000-ზე მეტი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირი თავის კერას დღემდე მაინც ვერ დაუბრუნდა და ვერც ქვეყნის საზღვრები აღდგა.
ის, რაც ჩვენს განუყოფელ მხარეებში, - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მოხდა, შედეგია იმისა, რომ საერთოდ გააქტიურებულია სეპარატისტული ძალები. ეს კი უდიდეს საფრთხეს უქმნის არამარტო პატარა ქვეყნებს, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოს. საჭიროა განვითარებული სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ მსოფლიო ქაოსში არ აღმოჩნდეს.
ტერაქტები, ომები, ლტოლვილები, შიმშილი, ავადმყოფობა, ეკოლოგიური პრობლემები ... ჩვენი ყოფის თანმდევი პროცესებია. მსოფლიო მოწინავე საზოგადოება ცდილობს, წინ აღუდგეს აღნიშნულ გამოწვევებს. ეს კარგია, მაგრამ, მგონია, რომ ამ მხრივ განხორციელებული ძალისხმევა უკანმიდევნებული სანთელივით არის, რადგან ებრძვიან შედეგებს და არა მათ გამომწვევ მიზეზებს.
ჩვენი მოვალეობაა, კაცობრიობას შევახსენოთ სულიერი ღირებულებები, შევახსენოთ, რომ ღვთის რწმენის გარეშე მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდება, კიდევ უფრო დამძიმდება და ეს პროცესი მასშტაბურ და სერიოზულ სახეს მიიღებს,რადგან უღვთოდ მცხოვრები ადამიანი განვითარების ისეთ ფორმებს ანიჭებს უპირატესობას და თავის გარშემო ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც უფლის მიერ შექმნილ სამყაროს ბუნებრივად, თავისთავად ეწინააღმდეგება. მას სხვაგვარად არც ძალუძს, ვინაიდან მსგავსი მსგავს შობს და შეჰხარის; ეს აქსიომაა. და ვიდრე აღნიშნული დაპირისპირება არ მოიხსნება, ვიდრე ხელისუფლებები არ გააცნობიერებენ ღვთის რწმენის მნიშვნელობას და საზოგადოებაშიც მის დანერგვას ხელს არ შეუწყობენ, მდგომარეობა არ გამოსწორდება.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, იგი უძველესი დროიდან იღებს სათავეს; ქრისტიანულ რომსა და საქართველოს შორის კი პირველი კონტაქტი IVს-ში, წმ. ნინოს დროს, შედგა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სიხარული მაშინდელმა რომის პაპმაც გაიზიარა და წმ. ნინოს მოკითხვის წერილი გამოუგზავნა. თავის მხრივ წმ. ნინოს მამას, ზაბულონს, უდიდესი წვლილი მიუძღვის ფრანგთა გაქრისტიანებაში და მისი განსასვენებელიც სავარაუდოდ ამ ქვეყანაში უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებიდან რომის ეკლესიასთან სარწმუნოებრივი ერთობა აღარ გვქონდა, კავშირი არ შეწყვეტილა და იგი სამეცნიერო-კულტურულ-პოლიტიკურ სფეროს მოიცავდა.
ამ ურთიერთობის შედეგია ვატიკანში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული მრავალი დოკუმენტი. მათი შედარებით მცირე ნაწილი ფოტოფირების სახით გადმოგვცა მისმა უწმიდესობამ, იოანე-პავლე II და ისინი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.
მინდა აღვნიშნო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და ჩვენი კულტურის განვითარებაში ქართველ კათოლიკეთა შეტანილი წვლილის შესახებაც; აგრეთვე იმ დახმარების თაობაზე, რასაც ევროპაში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებს უწევს რომის ეკლესია.
ჩვენ ვთანამშრომლობთ მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა საღვთისმეტყველო დიალოგის ფორმატში; საქართველოს საპატრიარქოში დაწყებულია მუშაობა მრავალტომეულზე, რომელიც წარმოაჩენს განუყოფელი მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას (XI ს-მდე) და მის განხორციელებაში ვატიკანიც მხარდაჭერას აცხადებს.
უკვე რამდენიმე კონფერენციაც ჩავატარეთ საქართველოში არსებულ კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად ბიოეთიკურ თემებთან დაკავშირებით და, ვფიქრობთ, ეს მიმართულება ჩვენი ურთიერთობისათვის კარგ ნიადაგს ქმნის.
ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ურთიერთობა ოჯახის ინსტიტუტის დაცვის თვალსაზრისით.
მოგეხსენებათ, ოჯახის სიმტკიცე და სიძლიერე ნებისმიერი ერის, ნებისმიერი ქვეყნის სიმტკიცისა და სიძლიერის განმაპირობებელია და, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი უნდა ვზრუნავდეთ მის დასაცავად.
თქვენო უწმინდესობავ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმ. მოციქული პეტრეს ლოცვით შევთხოვ ღმერთს, დალოცოს ჩვენი ქვეყნები და მთელ მსოფლიოს მომადლოს მშვიდობა და სულიერი წინსვლა.
რომის პაპის მისასალმებელი სიტყვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ
ჩემთვის დიდი სიხარული და განსაკუთრებული მადლია შევხვდე თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას, ღრმადპატივცემულ მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსებს, წმიდა სინოდის წევრებს. მივესალმები ბატონ პრემიერ მინისტრს და მეცნიერებისა და კულტურის სფეროების გამოჩენილ წარმომადგენლებს.
თქვენო უწმიდესობავ, თქვენ გადაფურცლეთ ახალი გვერდი ურთიერთობებისა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკე ეკლესიას შორის, როცა აღასრულეთ საქართველოს პატრიარქის პირველი ისტორიული ვიზიტი ვატიკანში. მაშინ თქვენ და რომის ეპისკოპოსმა მშვიდობს ამბორი მიაგეთ ერთურთს და შეჰპირდით, რომ ილოცებდით ერთმანეთისთვის. ამგვარად, გაძლიერდა ის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც ჩვენს შორის არსებობდა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან. ეს კავშირები განვითარდა და კვლავაც რჩება ურთიერთპატივისცემისა და გულითად ურთიერთობად. ამის ნათელი დასტურია აქ ჩემი წარგზავნილებსა თუ წარმომადგენლების თბილი მიღება, ქართველ მართლმადიდებელთა მიერ გაწეული სასწავლო და კვლევითი საქმიანობა ვატიკანის არქივებსა და პონტიფიკალურ უნივერსიტეტებში, მართლმადიდებლური საკრებულოს არსებობა რომში, ჩემი ეპარქიის ერთ-ერთ ეკლესიაში და ადგილობრივ კათოლიკურ საკრებულოსთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით, კულტურის სფეროში.
მე, როგორც მომლოცველი და მეგობარი, ჩამოველ აქ, ამ ღვთით კურთხეულ მიწაზე, მაშინ, როცა კათოლიკეთათვის გულმოწყალების საიუბილეო წელიწადი თავის მწვერვალს მიუახლოვდა. წმიდა პაპი, იოანე პავლე II-ც, პეტრეს მემკვიდრეთაგან პირველი, ასევე მეტად მნიშვნელოვან მომენტში, 2000 წლის იუბილის ზღურბლზე ჩამობრძანდა აქ, რათა განემტკიცებინა "ღრმა და ძლიერი კავშირები" რომის საყდართან (დახვედრის ცერემონიისას წარმოთქმული სიტყვა, თბილისი, 1999 წლის 8 ნოემბერი. სწავლებანი XXII, 2 [1999], 843 ) და შეეხსენებინა თუ რაოდენ საჭიროა, მესამე ათასწლეულის მიჯნაზე, "საქართველოს, კულტურათა და ტრადიციათა გზაჯვარედინზე მყოფი უძველესი ქვეყანის წვლილი სიყვარულის ცივილიზაციის ასაშენებლად" (სიტყვა, წარმოთქმული საპატრიარქოში, თბილისი, 1999 წლის 8 ნოემბერი: სწავლებანი XXII, 2 [1999], 848).
ახლა კი, ღვთის განგებამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს და გულწმოწყალებას, ერთობასა და მშვიდობას მოწყურებული მსოფლიოს წინაშე მოგვიწოდებს, რომ ჩვენს შორის არსებულ კავშირებს ახალი ბიძგი მივცეთ, ახალი გზნებით აღვავსოთ. სწორედ ამის ნათელი ნიშანია ჩვენი მშვიდობის ძმური ამბორი. სამოციქულო ქადაგებაში, განსაკუთრებით კი ანდრია მოციქულში ფესვგადმულ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და პეტრე მოციქულის მოწამეობაზე დაფუძნებულ რომის ეკლესიას დღეს აქვთ მადლი სამოციქულო ძმობის სიმშვენიერის განახლებისა, იესო ქრისტეს სახელითა და მის სადიდებლად. მართლაცდა, პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ: იესომ უხმო მათ, რათა მიეტოვებინათDბადე და ერთად გამხდარიყვნენ ადამიანთა მებადურენი (შდრ. მარ. 1, 16-17). უძვირფასესო ძმაო, დაე, უფალმა იესომ ახლებურად შემოგვხედოს, დაე, კვლავაც მივყვეთ მის მოწოდებას, რომ მივატოვოთ ყოველივე ის, რაც გვაბრკოლებს უფლის სუფევის ერთად გაცხადებაში.
ამაში ის სიყვარული დაგვეხმარება, რომელმაც მოციქულთა ცხოვრება გარდაქმნა. ეს შეუდარებელი სიყვარულია, უფლის მიერ ხორცშესხმული: "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, როცა ვინმე თავს წირავს თავისი მეგობრისთვის" (შდრ. იოან. 15,13). ამასთან დაკავშირებით, დიდი ქართველი პოეტი თითქოს ჩვენ მოგვმართავდეს თავისი ცნობილი სიტყვებით: "წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ. . . " (შ. რუსთაველი, "ვეფხისტყაოსანი", თბილისი, 1988, სტროფი 785). მართლაც, უფლისეული სიყვარული აღგვამაღლებს, რადგან წარსულის გაუგებრობებზე, აწმყოს ანგარიშიანობასა და მომავლის შიშზე გვამაღლებს.
ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე დაამოწმა ამ სიყვარულის სიდიადე. სწორედ იქიდან იკრებდა იგი ძალას, რათა ათას ჭირვარამგამოვლილი კვლავ ფეხზე წამომდგარიყო; სწორედ მასში მიაღწია მან ხელოვნების გასაოცარ მწვერვალებს. მართლაც, კიდევ ერთი დიდი პოეტისა არ იყოს, უსიყვარულოდ ხომ "მზეც არ სუფევს ცის კამარაზე" და ადამიანთათვის "არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება..." (გ. ტაბიძე, "უსიყვარულოდ", კრებული "გალაქტიონ ტაბიძე", თბილისი, 1982, გვ 25). სიყვარულში ჰპოვებს ყოფიერების არსს თქვენი კულტურული მემკვიდრეობის უკვდავი სილამაზე, მრავალი ფორმით გამოხატული, როგორიცაა მუსიკა, ფერწერა, ხუროთმოძღვრება, ცეკვა. თქვენ, უძვირფასესო ძმაო, ღირსეულად გამოხატეთ ეს სილამაზე თქვენი არაჩვეულებრივი საეკლესიო გალობებით. ზოგი მათგანი ლათინურ ენაზეა დაწერილი და ამდენად, განსაკუთრებულად ძვირფასია კათოლიკური ტრადიციისთვის. ისინი ამდიდრებენ თქვენს რწმენასა და კულტურულ საუნჯეს, რომელიც მთელი საქრისტიანოსა და კაცობრიობის უნიკალური მონაპოვარია და იმსახურებენ ყოველმხრივ აღიარებასა და დაფასებას.
ქართულ მიწაზე სახარების დიადი ისტორია განსაკუთრებით დავალებულია მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს წინაშე, რომელმაც რწმენა ვაზის ლერწისგან გამოსახული ჯვრით გაავრცელა. ეს ჯვარი ქრისტეს სხეულს როდი იყო მოკლებული - ვაზის სახება ხომ ამ მიწისათვის ეგზომ ძვირფასი ნაყოფის გარდა, თვით იესო ქრისტეს განასახიერებს. მართლაცდა, იესოც ხომ "ჭეშმარიტი ვაზია" - აკი სთხოვა კიდეც თავის მოციქულებს დარჩენილიყვნენ მასში, როგორც ლერწები, რათა ნაყოფი გამოეღოთ (შდრ. იოან. 15, 1-8). უძვირფასესო ძმაო, სახარებამ დღესაც რომ გამოიღოს ნაყოფი, მოგვეთხოვება ვართ კიდევ უფრო განვმტკიცდეთ უფალში და ჩვენს ერთობაში. დაე, თქვენი ქვეყნის მრავალრიცხოვან წმინდანთა დასმა გაგვაძლიეროს, რათა სახარება ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ და განვავრცოთ იგი ისე, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით და იმაზე მეტადაც კი, გავთავისუფლდეთ წინასწარ შექმნილი წარმოდგენებისაგან და გავეხსნათ ღმერთის მარადიულ სიახლეს. სირთულეები ნუ დაგვაბრკოლებს - პირიქით, ვეცადოთ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, გავუზიაროთ ერთმანეთს რწმენის მაცოცხლებელი დვრიტა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ერთურთისთვის ლოცვა და ვითანამშრომლოთ მოციქულებრივი სიყვარულით, რათა ერთად დავამოწმოთ სახარება, ზეცაში უფლის სადიდებლად და მიწაზე მშვიდობას მსახურებისთვის.
ქართველ ხალხს სჩვევია ვაზის ნაჟურით შესვას მისთვის ყველაზე ძვირფასი ფასეულობების სადღეგრძელო. სიყვარულთან ერთად, რომელიც აღგვამაღლებს, აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია მეგობრობას. "ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია" - შეგვახსენებს პოეტი (რუსთაველი, "ვეფხისტყაოსანი", სტროფი 847). მსურს გულწრფელად ვუმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხს, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს და რომლის სტუმართმოყვარე ბუნება სრულად მიესადაგება იმედით აღსავსე მის ცხოვრების წესს, მიუხედავად უამრავი სირთულისა. ეს დადებითი სულისკვეთებაც ხომ რწმენიდან იღებს სათავეს. სწორედ ამიტომაც შესთხოვენ ღმერთს სადღეგრძელოში სუფრასთან მსხდომი ქართველები საყოველთაო მშვიდობას და მტრებსაც კი არ ივიწყებენ.
დიახ, მოწოდებულნი ვართ მშიდობითადა და მიტევებით ვძლიოთ ჩვენს ნამდვილ მტრებს, უხორცოსა და უსისხლოს - ბოროტ სულებს ჩვენს გარეთ და ჩვენ შიგნით (შდრ. ეფეს. 6, 12). ეს მიწა მდიდარია მამაცი, სახარებისეული გმირებით, რომელთაც წმიდა გიორგის მსგავსად, სძლიეს ბოროტებას; უამრავი ბერ-მონაზონით, და განსაკუთრებით, უამრავ წამებულით, რომელთა სიცოცხლემაც "სარწმუნოებითა და მოთმინებით" (იოანე საბანისძე, "აბოს წამება", III) გაიმარჯვა, გაიარა ტკივილის საწნახელში, არ განეშორა უფალს და ამგვარად გამოიღო აღდგომის ნაყოფი, მორწყა რა ქართული მიწა სიყვარულისთვის დაღვრილი სისხლით. დაე, მათმა შუამდგომლობამ მოჰგვაროს შვება უამრავ ქრისტიანს, რომლებიც დღესაც იდევნებიან და ეწამებიან მთელს მსოფლიოში, და გააძლიეროს ჩვენში კეთილი სურვილი ძმური ერთობისა მშვიდობის სახარების გასაცხადებლად.