logo_geo
eng_logo
რამდენიმე დღეა აჭარის მთელ ტერიტორიაზე გადაუღებლად წვიმს
- +

30 სექტემბერი. 2016. 22:02



რამდენიმე დღეა აჭარის მთელ ტერიტორიაზე გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მეწყერული მოვლენები განვითარდა. განსაკუთრებით სტიქია შეეხო ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მოსახლეობას.


მოულოდნელი მსხვერპლი მოჰყვა აჭარაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს.ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის თაღოვან ხიდთან ჰოლანდიელი ტურისტი ადიდებულ მდინარეში ჩავარდა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ. 67 წლის რალფი ოტტენი საქართველოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების  თქმით იგი თაღოვანი   ხიდის მიმდებარედ მდინარის პირას ფოტოების გადაღებისას ჩავარდა ადიდებულ წყალში და გაუჩინარდა.  ადგილზე მობილიზებულია შსს და საგანგებო სამაშველო სამსახურები მყვინთავებთან ერთად.  გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს


აჭარის ტერიტორიაზე ბოლო მონაცემებით რთული ვითარებაა და რაოდენობრივად ყველაზე მეტ ლოკაციაზე განვითარდა მეწყერი და ნიაღვარი  ქ ე დ ი ს  მუნიციპალიტეტში.  ამ დროისათვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს  ქედის სხვადასხვა თემში 7 მიმართულებით. სოფელ უჩხითში გოჩაძეების უბანში შიდა საავტომობილო გზაზე განვითარდა მეწყერი, რის გამოც 15 ოჯახს ჩაკეტილი აქვს გზა. გამოდარებისთანავე დაიწყება მუშაობა ხარაულაში, ასევე ჯალაბაშვილებსა და ჯაიმელაში, სადაც 6 -6 ოჯახია  უგზოდ დარჩენილი. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ზედა მახუნცეთში, ბელტაური-დავითაძეების მიმართულებით და სოფელ გულებში ორ მოსახლესთან მიმავალი გზის  გაწმენდა. დღის მეორე ნახევარში სოფელ გულებში, ზურაბ დიასამიძის საცხოვრებელ სახლთან, განვითარდა მეწყერი, რის გამოც 5 სულიანი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. გამგეობამ დაზარალებული ოჯახი ახლობელთან განასახლა. აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება ოჯახზე კომპენსაციის, ან  დროებიი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.


ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები წუხელ ღამით ექვს სოფელში განვითარდა, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნია. ადგილზე ვითარება უკვე შეისწავლა გამგეობის სპეციალისტებმა. გაწმენდითი სამუშაოები გამთენიისას დაიწყო.


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.  ამჟამად მძიმე ტექნიკის საშუალწებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები.  ასევე სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზა. მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა მეწყრულ ზონაში ვითარებას გამგებელი გეოლოგებთან და სხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნო.  საშეშედ გამოყენების მიზნით ტერიტორიაზე წაქცეული ხეების დასამუშავებლად   მოსახლეობამ მოითხოვა დრო, რის გამოც სოფელ ხელვაჩაურში მოსახლეობის თხოვნით დღეს გაწმენდითი სამუშაოები აღარ განხორციელდა.

პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები სწავლობენ არსებულ ვითარებას.


მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს შუახევშიც. ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად მეწყერული პროცესები  განვითრდა შვიდ ობიექტზე. სოფელ ტაკიძეების ორ უბანში. რამდენიმე ლოკაციაზე დააზიანდა საავტომობილო გზები. მიწის მასა ჩამოიშალა სოფელ ჭვანაში, ჭვანა-წყალსაყრის გზის დასაწყისში, სოფლების: ნიგაზეულის, ნენიის,  წაბლანას გზებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობა არ შეფერხებულა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების  შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. 


ელექტროენერგია და სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება ყველა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს. სიტუაცია მართვადია. მობილიზებულია როგორც გზებისა და სამელიორაციო სისტემების სამსახურის, ასევე  აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკა. მუნიციპალიტეტებსა და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში მოქმედებს ცხელი ხაზი და საგანგებო შტაბი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner