„ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" მმართველი გუნდის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებსა და საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლევან ლორთქიფანიძეს შეხვდნენ და პრობლემის მოგვარების ალტერნატიული მეთოდი შესთავაზეს. როგორც „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ვიცე-თავმჯდომარე ანრი გუგეშაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ორგანიზაცია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს და ეცდება, უნივერსიტეტში არსებული პრობლემები ძირეულად მოაგვაროს. გუგეშაშვილი იმედოვნებს, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატით მოლაპარაკებას ორივე მხარე დათანხმდება.
„ჩვენ შევხვდით აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს ლევან ლორთქიფანიძეს და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს შალვა საბაურს. მათ შევთავაზეთ პრობლემის გადაჭრის ჩვენეული ხედვა და გზა. ეს ყველაფერი უკავშირდება სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას. ჩვენ შევთავაზეთ მრგვალი მაგიდის ფორმატი, სადაც ჩვენი ორგანიზებით, მოწვეულნი იქნებიან დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები, ის სტუდენტები, რომლებიც არცერთ მხარეს არ იჭერენ, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დამოუკიდებელი პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიმდინარე პროცესებით და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ვითარების გამოსწორებაში.
ფორმატი გულისხმობს, რომ მედიაციის გზით ერთად შევიმუშაოთ ერთი კარგი მოდელი სტუდენტური თვითმმართველობის, გავითვალისწინოთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და მოხდეს რეგლამენტირებულად საკითხების განხილვა, ინიცირება, კენჭისყრა და ამ ყველაფრის წარდგენა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და განათლების სამინისტროსთან. ვფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა.
შეხვედრაზე ორივე მხარემ მოგვისმინა, მოიწონეს ჩვენი ინიციატივა, მაგრამ აქვე აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი დროს მოითხოვს და ერთ და ორ დღეში ვერ გადაწყდება. კი ბატონო, ამას სჭირდება გარკვეული დრო, თუმცა ვფიქრობთ, რომ პრობლემის ამ გზით მოგვარება იქნება პრობლემის ძირეული გადაჭრა და საუკეთესო გამოსავალი.
უახლოეს დღეებში, ორივე მხარეს შევთავაზებთ გაწერილ განრიგსა და დეტალებს, თუ რა და როგორ უნდა მოხდეს და იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარე წამოვა თანამშრომლობაზე", - განაცხადა ანრი გუგეშაშვილმა.