"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ისინი თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოიგებენ და „ქართულ ოცნებას" პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება, რასაც კვლევებიც ადასტურებს.
გოგიჩაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის, რასაც ოპონენტები ამომრჩეველს ჰპირდებიან, „ქართულმა ოცნებამ" უკვე გააკეთა.
„8 ოქტომბერს გამოჩნდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი. ადამიანებს საკუთარი ნების მშვიდად გამოხატვის საშუალება უნდა მივცეთ. შედეგს ამომრჩეველი გადაწყვეტს და არა პარტიების ნება-სურვილი, ვის რა შედეგის მიღება სურს. ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ საარჩევნო გარემო მძიმეა, ტყუილია. დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არავინ დასდევს, ხელისუფლება მათ წინააღმდეგ არ მოქმედებს და ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია თავისუფლად, დემოკრატიულად მიმდინარეობს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საპარლამენტო არჩევნები ასე მშვიდად არასდროს ჩატარებულა.
ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ამომრჩეველს ჰპირდებიან, „ქართულმა ოცნებამ" უკვე გააკეთა. „ქართულ ოცნებას" ძალიან ძლიერი საარჩევნო პროგრამა აქვს, რომლითაც 4 წლის განმავლობაში უფრო მეტი რამის გაკეთებას ვაპირებთ, იქნება ეს განათლება, ეკონომიკა, თუ ინფრასტრუქტურა. „ქართულ ოცნებას" აქვს გამოცდილება და კონკრეტული, რეალური პროგრამა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.