logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: პოლიტიკის გამო ადამიანებმა ყველაფერი არ უნდა იკადრონ, მათ შორის, ფაქტების დამახინჯება
- +

1 ოქტომბერი. 2016. 01:54



შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია   ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოზარდი სასიკვდილოდ "ქართული ოცნების" კონცერტის მიმდინარეობისას დაიჭრა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პერტაია აღნიშნავს, ზოგიერთებმა უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ინტერპრეტირება მოახდინეს.


„1.როგორც წესი, იმ ინფორმაციაში, რომელსაც შსს-ს ავრცელებს, თითქმის ყოველთვის არის აღნუსხული შემთხვევის სავარაუდო ადგილმდებარეობა და ეს უკანასკნელი განისაზღვრება კონკრეტული ობიექტებით, ქუჩებით და არა, იმით თუ სად მიმდინარეობდა ამ დროს კონცერტი და ა.შ.

 

2. თუ შსს-ს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზს გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ იქ, ჩვეულებისამებრ, მშრალი ფაქტებია დაფიქსირებული და ერთი სიტყვაც კი არაა ნახსენები კონკრეტულ ლოკაციებს შორის არსებულ დისტანციებზე, კილომეტრებზე, სანტიმეტრებზე და ა.შ. ხოლო ისეთი სიტყვები, როგორიცაა, მაგალითად, "კონცერტი", საერთოდ არ გვხვდება.

 

3. გულწრფელად ვეთანხები დღევანდელი "ფრთიანი ფრაზის" ავტორს და მიმაჩნია, რომ პოლიტიკის გამო ადამიანებმა ყველაფერი არ უნდა იკადრონ, მათ შორის, ფაქტების დამახინჯება და უფრო მეტიც, ურცხვი ტყუილი!

 

4. ბუნებრივია, კვლავ ვინარჩუნებ სრულ აპოლიტიკურობას და ვერავინ დამწამებს, რომ ოდესმე ერთი ნაბიჯი გადამიდგამს ვინმეს პოლიტიკური თუ სხვა ინტერესების გამო. არასდროს გავუმაგრებ ზურგს სიცრუეს, მით უფრო, როდესაც საუბარია არასრულწლოვანზე და მის ტრაგიკულ ბედზე... ესაა უფაქიზესი თემები, რომელსაც მთელი ჩვენი სამსახური განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება!

 

5. სიმართლის დადგენა, როცა ამის სურვილია, ძალიან მარტივია... სამწუხაროდ, საგამოძიებო პროცედურებში დადგენილი სტანდარტები ყოველთვის არ მაძლევს ყველა დეტალის გამოაშკარავების შესაძლებლობას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზოგიერთებმა „ფრთები" საკუთარი ფანატაზიით უნდა შეასხან ხოლმე...

 

6.მესმის, რომ წინასაარჩევნო ბატალიებით ხართ შთაგონებულნი, მაგრამ მე მაინც კიდევ ერთხელ შეგახსნებთ: ესაა ყველას პოლიცია! არის რაღაც, რასაც ასეთი მიზანმიმართული პოლიტიკური ინტერესით არ უნდა დაუპირისპირდე და პირიქით, ყოველთვის ზურგი უნდა გაუმაგრო - ისევ შენი გულისთვის, შენივე უსაფრთხოებისთვის და, რაც მთავარია, ქვეყნის ძლიერებისთვის",- წერს პერტაია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner