„დღეს თუ ვინმეს პოლარიზაცია და თამაში არ სჭირდება, ეს პირველ რიგში „ქართული ოცნებაა", რომელიც რეალურად, პოლიტიკური მარათონის უპირობო ლიდერია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კობა კობალაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
კობალაძის განცხადებით, დღეს სახელმწიფო სივრცით განვითარებაზეა ორიენტირებული, რომ რეგიონებში რეალური სამუშაო ადგილები გაჩნდეს.
„სამართლიანობის აღდგენა ჩვენზე მეტად არავის უნდა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენასა და უკონტროლო შურისძიებას შირის დიდი განსხვავებაა. ის, რომ დაგროვილი მუხტი შურისძიებაში არ გადაიზარდა, ჩვენი და საზოგადოების იმ ცხოვრებისეული გამოცდილების დამსახურებაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე გვქონდა. ხშირად ისმის საყვედური შეუსრულებელი დაპირებების შესახებ. კარგად გვახსოვს, სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩვენი მოქალაქეები ქონებას როგორ აყადაღებდნენ. რა არის საყოველთაო დაზღვევა, თუ არა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯი?! ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც 10 000-მდე ახალგაზრდამ ისარგებლა?! შეკრებითობის პრინციპის გაუქმება, სოფლის მეურნეობის პროგრამა და ასე შემდეგ?!
2012 წელს ჩვენ გადმოვიბარეთ ქვეყანა, სადაც ფასადური დემოკრატია, ფასადური საშინაო პოლიტიკა და ფასადური ეკონომიკური წარმატებები იყო. დღეს სახელმწიფო სივრცით განვითარებაზეა ორიენტირებული, რომ რეგიონებში რეალური სამუშაო ადგილები გაჩნდეს და ხალხი ლუკმა პურის საშოვნელად დედაქალაქში არ ჩავიდეს", - განაცხადა კობალაძემ.
კობალაძის განცხადებით, გადატრიალების მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი უსუსური გაბრძოლება იქნება.
„ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში სიცოცხლისთვისაა განწირული, პასუხისმგებელი ვართ ამ ქვეყნის სიმშვიდეზე, განვითარებაზე და გადატრიალების მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო დასრულების დასაწყისი იქნება. „ნაციონალური მოძრაობა" უნდა შეეგუოს აზრს, რომ თანაბარუფლებიან გარემოში გადატრიალების უშინაარსო მცდელობები კრახისთვისაა განწირული. მითუმეტეს, როცა ამას უსამშობლო ხალხი უკვეთავს. ხალხი, რომელმაც სამშობლო ორ შაურად გაყიდა და სხვა ქვეყნის მოქალაქედ მოგვევლინა", - განაცხადა კობა კობალაძემ.