„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის მე-20 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გენერალი კობა კობალაძე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდს აფასებს და აქვე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
- ბატონო კობა, დღეს 1 ოქტომბერია, 4 წელი გავიდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გზით შეცვალა... თქვენ ამასთან დაკავშირებით არაერთგზის გითქვამთ, რომ 4 წლის წინ ჩვენ მხოლოდ არჩევანი კი არ გავაკეთეთ, არამედ სამშობლო დავიბრუნეთო... რატომ მიიჩნევთ, რომ სამშობლო გვქონდა დასაბრუნებელი?
- ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ემოციურობის, წარსული შეცდომების არაერთგზის გაუთვალისწინებლობის მიუხედავად, კოალიციამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შემოგვთავაზა. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური ძალის ყველაზე დიდი მონაპოვარი - ის ყოფილ ხელისუფლებას დაუპირისპირდა არა აგრესიით, ტყვიის თუ ქვის სროლით, არამედ მშვიდობიანად. მიზნობრივად და გეგმაზომიერად, ერისა და ბერის კონსოლიდირებით თითოეულმა მართლა დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო. წინა რეჟიმის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, ცხოვრების წესი გამოიხატებოდა მის წიაღში არსებული რაღაც კასტის მიერ „შექმნილი" ფასადური დემოკრატიით, ფასადური ეკონომიკური აღორძინებით, „ქვეყნის მთლიანობით", რამაც ქვეყანა, სინამდვილეში, რღვევამდე მიიყვანა და სწორედ 2012 წელს, მთელმა ერმა ჩვენი სამშობლო საკუთრებაში დავიბრუნეთ, რისი სულისჩამდგმელი, განმახორციელებელი უდავოდ ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. ყოველთვის გავურბივარ ვინმეს ხმამაღლა ქებას, არც ვინმეს გაკერპება მახასიათებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სიმართლე უნდა ითქვას - არ შეიძლება და დიდი უმადურობაა, ადამიანს ამხელა დამსახურება, ღვაწლი დაუკარგო. ადამიანმა, რომელმაც ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი ქველმოქმედებას მოახმარა! უამრავ სიკეთესთან ერთად, ექვსასამდე ტაძარი აღადგინა და ვუსურვებ, ნებისმიერ ამ სალოცავში აღვლენილი ლოცვა შეეწიოს მას და მის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
- როგორ შეაფასებდით განვლილ 4 წელიწადს - დროს არჩევნებიდან არჩევნებამდე და რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?
- თუ ვინმეს იმის განცდა ჰქონდა, რომ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან - არჩევნების მეორე დღიდანვე „ჯადოსნური ჯოხის" მოქნევით აღმავლობის გზას დაადგებოდა, ძალიან ცდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ფასადური სახელმწიფოდან უნდა გადავსულიყავით რეალურ ქვეყანაში. მორღვეული იყო არა მხოლოდ ქვეყნის საშინაო პოლიტიკა, სადაც ერთმანეთთან დაშორიშორებული იყო როგორც ერი, ასევე ბერიც და ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადებული და მოწონებული, არამედ საგარეო პოლიტიკაც მოშლილი გახლდათ -ისტერიკამდე მისული განცხადებებით მოჩვენებითი იყო მათი ყველა მცდელობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა. ასეთი უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო ახალ ხელისუფლებას, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი ამ სირთულეებს - წინა ხელისუფლების ისტერიკული, ფასადური კეთილდღეობის მდგომარეობიდან ქვეყანა სტაბილიზაციის, ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის და სახელმწიფოს რეალურად აღმშენებლობის რეჟიმში გადაიყვანა. დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპები დაცულია; სახელმწიფო ორიენტირებულია თავის თითოეულ მოქალაქეზე, რისი უდავო დასტურია ჯანდაცვის თუ C ჰეპატიტის პროგრამა, რეფორმები პენიტენციარულ სისტემაში - მცირე გადაცდომაზე დღეს ადამიანი სამუდამოდ განწირული აღარაა სახელმწიფოსგან. ასევე, სოფლის მეურნეობის პროგრამები, მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება... მართლა ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, ვიცი, წინ კიდევ ბევრი საქმეა, რასაც მჯერა, ეს ხელისუფლება წარმატებით განახორციელებს.
... მე არ მავიწყდება ის პერიოდი, როცა მეცნიერების უამრავი დარგი და მეცნიერებიც „ჩარეცხილებად" გამოცხადდა, უამრავი კათედრა გაუქმდა და ერის ინტელექტუალური რესურსი ქვეყნიდან გაედინებოდა. დღეს კი, გადავხედოთ, თუნდაც ამ კუთხით, რამდენს აკეთებს ეს ხელისუფლება და რამდენი საინტერესო გეგმა აქვს, რომელიც რეალურად განხორციელდება, რადგან დღეს მეცნიერება ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული გახდა.
.... განვლილი 4 წელი შეიძლება დავყოთ ეტაპებად - ხელისუფლებაში მოსვლის მიუხედავად ადგილობრივ თვითმმართველობებში ისევ ძველი ხელისუფლების კადრები იყვნენ და ქვეყნის პრეზიდენტი ერთი წლის განმავლობაში ისევ სააკაშვილი იყო, რის გამოც ახალ ხელისუფლებას ფაქტობრივად, საბოტაჟის, არაჯანსაღი დაპირისპირების რეჟიმში უხდებოდა მუშაობა...
... დღეს საუბრობენ სამართლიანოს არაღდგენაზე, რაც მიმაჩნია, რომ არაა მართალი, რადგან სამართლიანობის აღდგენასა და უკონტროლო შურისძიებას შორის დიდი ზღვარია. ალბათ, დამიჯერებთ, რომ არავიზე ნაკლებად მინდა სამართლიანობის აღგენა. ასევე უსამართლოდ გვიყენებენ ბრალდებას, თითქოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ გვინდა! თითოეული სანტიმეტრი ოკუპირებული ტერიტორიებისა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქვის გროვად" არ მიგვაჩნია! თითოეული გოჯი ამ მიწისა ჩვენთვის დაკავშირებულია უზომო ტკივილთან, თავდადებასთან, ცრემლთან და მისთვის დაღვრილ ჩვენი ბიჭების სისხლთან! ამიტომაც არ დავუშვებთ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც სამშობლოს შეგრძნება არ აქვთ, ულტიმატუმებით და ნიშნისგებით გვესაუბრონ! რადგან ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და მასზე პასუხსიმგებლები და ყველამ იცოდეს, შეგვწევს ძალა, ადეკვატური პასუხი გავცეთ ნებისმიერ ქმედებას! ამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს კონტურები მკვეთრად გამოიკვეთა და მას არა თუ ვინმე სხვას „გადავულოცავთ", არამედ არავის დავანგრევინებთ!... ბრილიანტის ბზინვარებას დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას - ესაა ნებისმიერი ჩვენგანის ორიენტირი. პოლიტიკური განცხადებებიდან ცოტა შორს გავალ და ვიტყვი, რომ 1 ოქტომბერი არის არა სიჯიუტის, არა ნიშნისმოგების, არა ერთმანეთზე ანგარიშსწორების, არამედ დღე, როცა ყველა ერთად ვალდებულნი ვართ, ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა! როგორც ჩვენი არცერთი პროგრამა არ განასხვავებს ადამიანებს ეროვნული, რელიგიური, თუ პარტიული კუთვნილების მიხედვით, ასევე ჩვენი მშობლიური მიწა არ ანსხვავებს, ვინ გააპოხიერებს მას! ჩვენ ვრჩებით ერთმანეთთან ერთმანეთის იმედად და მხარდამხარ! უნდა გამოვიდეთ ფასადური კვეხნის და ისტერიკის რეჟიმიდან და უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი! მესმის, რომ ბევრს აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ, ბევრი მათგანის ქუჩაზე ასფალტი ჯერ არ დაგებულა, ან სკვერი არ მოწყობილა, მაგრამ გამოვიდეთ ამ ვიწრო წყენის რეჟიმიდან და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთად მივყვეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.
- თქვენ ისაუბრეთ ბევრ სასიკეთო ცვლილებაზე, რომელიც განვლილმა ოთხმა წელიწადმა მოგვიტანა, თუმცა, თქვენი გადასახედიდან, მაინც რომელს გამოყოფდით? რა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთავარი მონაპოვარი?
- დემოკრატიული ფასეულობები და უფლება იმისა, რომ იყო ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე; ადამიანებს დაუბრუნდათ შეგრძნება იმისა, რომ ისინი არიან საკუთარი სიცოცხლის ბატონ-პატრონი და არა რომელიღაც კაბინეტში მოკალათებული ჯგუფი გაბღენძილი, გაბოროტებული ადამიანებისა...
- პირადად თქვენ და თქვენს ოჯახსაც ძალიან მტკივნეულად შეეხო წინა ხელისუფლების რეპრესიები... კარგად გვახსოვს თქვენს ასაყვანად მოწყობილი ე.წ. „სპეცოპერაცია" და აღტყინებული ქვეყნის მაშინდელი პირველი პირები, რომ „საშიში დამნაშავე და კრიმინალი"დაიჭირეს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა... და კიდევ უფრო ამაზრზენი ფაქტი - როცა დედათქვენს, ქალბატონ ცირას, დამსახურებულ მასწავლებელს ზღურბლზე მიუხურეს იმ სკოლის კარი, სადაც თითქმის 45 წელიწადი მუშაობდა „კარგი შვილი რომ ვერ გაზარდა", იმიტომ.... ალბათ თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, გენერლისთვის, რომელსაც ამ ქვეყნისთვის სისხლი უღვრია და სამშობლოსთვის ნასროლ უამრავ ტყვიათაგან ერთ-ერთს დღესაც სხეულით დაატარებს, ეს ყველაზე მწარე იყო...
- ჩემს ოჯახს იმ პერიოდში არა მხოლოდ ეგ სიმწარე და ტკივილი აუტანია... ამაზე არ ვსაუბრობ... ჩემთვის უფრო მტკივნეული გახლდათ ჩვენ ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე ვიღაც უპასუხისმგებლო ბიჭების გალაშქრება; მათი დიდი მცდელობა იმისა, რომ ყველაფერი ქართული განადგურებულიყო, ქართული სული ჩაკლულიყო; ყველაზე მტკივნეული კიდევ იყო ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ყველაზე უუფლებონი საკუთარ სამშობლოში, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი... მე არ ვსაუბრობ ჩემ დაპატიმრებაზე, ჩემ საკუთარ ტკივილსა თუ განცდებზე - მე და ჩემმა ოჯახმა ეს ყველაფერი მივიღეთ ისე, როგორც ამ ცხოვრების კიდევ ერთი გამოწვევა, განსაცდელი, რომელიც ღირსეულად გადავლახეთ... ყველაზე მტკივნეულად გასახსენებელია საზოგადოების სიჩუმის ხარისხი, როცა გიჟს ჰქონდა ამ ქვეყანაში დოღი გამართული!
- არჩევნები სულ რაღაც ერთ კვირაშია და თვალსაჩინოა საზოგადოების საკმაო ნაწილის ნიჰილიზმი - მათ ალბათ, სამართლიანად სტკივათ გული, რომ ადამიანები, რომლებიც მათ ავიწროვებდნენ, ატერორებდნენ, მათ უფლებებს ლახავდნენ, დღეს ისევ თანამდებობებზე არიან... რას ეტყოდით დამაიმედებელს საზოგადოების ამ განაწყენებულ ნაწილს?
- ცივი გონებით გადავხედოთ რეალობას და ვნახავთ, რომ ამ ბოროტების ჩამდენი წამყვანი პირები დღეს ან სასჯელს იხდიან, ან მათზე სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული! საქმეებია აღძრული და პროცესი დაწყებულია. დღეს თუ რომელიმე მათგანი, გაბღენძილი რაღაც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გათავისუფლდებიან სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. სამართლიანობის აღგენის პროცესი არის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული შესაბამისი პროცედერები.. ამიტომ წინასწარ ნუ გამოვიტანთ ვერდიქტს! ყველა აგებს პასუხს მის მიერ განხოციელებულ ქმედებებზე...
- აქვე არ შემიძლია, არ გკითხოთ იმ გახმაურებულ აუდიოჩანაწერებზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი ხელისუფლების წევრები ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობენ... საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამ არჩევნებზე დესტაბილიზაციის შიში აქვს... თქვენი აზრით, რამდენად აქვს ყოფილ მმართველ გუნდს სახელმწიფო გადატრიალების, თუ მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის შექმნის რესურსი და რამდენადაა მზად ამ გამოწვევისთვის ჩვენი ხელისუფლება?
- ჩვენ ვართ მშვიდად, რადგან ჩვენი სახელმწიფო არის ქმედითუნარიანი, ადეკვატური პასუხი გასცეს ყველა დესტრუქციულ ქმედებას, მიმართულს სახელმწიფო ინტერესების წინააღდეგ. შეიძლება რაღაც ძალებს ჰქონდეთ რაღაც ილუზია და ნოსტალგია არეულობის, დესტაბილიზაციის და იმედი აქვს, ისევე გამოუვა ეს, როგორც წარსულში, მაგრამ საზოგადოება გაიზარდა და სახელმწიფოსთან ერთად იგი მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის. ის ფრაზები თუ მოწოდებები, რომლებიც იმ ჩანაწერებში მოვისმინეთ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, უსამშობლო ადამიანების ბრბოს მიერ ბოლის გამოშვებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ქმედებას... მათ ადგილზე უფრო მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდი და მადლიერი ვიქნებოდი ბიძინა ივანიშვილისა, რომელმაც მათთან მიმართებაში იხელმძღვანელა პრინციპით: „საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი" - ყველას მისცა შესაძლებლობა იმისა, რომ წყნარად გადაეხედათ თავიანთი წარსული ქმედებებისთვის და თანადგომის ხელი გაუწოდა სახელმწიფოს ერთად შენებისთვის... თუმცა, ვინ როგორ გაიგო და დააფასა თუ არ დააფასა ეს და საკუთარ თავზე დაინერწყვა, ეს მის სინდისზე იყოს...
- ბატონო კობა, საარჩევნო მარათონში ხართ ჩართული და ამ ოლქში საკმაოდ დიდი რეიტინგი გაქვთ... სხვა პარტიებსაც ჰყავთ წარმოდგენილი თავიანთი კანდიდატები. ვის მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტად და რას ეტყოდით მას?
- მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ არც ერთი სხვა პარტიის კანდიდატი არაა ჩვენი კონკურენტი; ჩვენი კონკურენტია ის გამოწვევები და ვალდებულებები, რომლებიც აღებული გვაქვს ჩვენი ერის და სახელმწიფოს წინაშე და აქვე დავძენ, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლებაა მზადა ამ გამოწვევებისთვის...
... მთავარი ეს საარჩევნო მარათონი კი არაა, არამედ იმის გაცნობიერება, რომ ერთი, თუნდაც იმ არჩევნების დღით არ ვცხოვრობთ და უნდა გადავდოთ გვერდზე ის ზედმეტი ემოციები და განცდები... არ ვუღალატოთ ღირსებას...
... ჩემს პატივისცემას გამოვხატავ თითოეული კანდიდატის მიმართ, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ყველამ კარგად ვიცით, ვის რა რესურსი და შესაძლებლობა გვაქვს და ერთმანეთის ხმების „წიწკნით" მხოლოდ იმ უკვე დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას ვუჩენთ ფუჭ ილუზიას, რომ ამ მარათონში ისინი კონკურენტუნარიანები არიან... როცა ადამიანს შუბლის ძარღვი უწყდება, მისთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ რას და როგორ ამბობს მასზე, აგინებენ თუ აქებენ.. მისთვის მთავარი მხოლოდ ისაა, რომ მასზე საუბრობენ, რადგან მიიჩნევს, რომ მისი „პლატფორმისთვის" ესაა მნიშვნელოვანი...
- ბატონო კობა, წარმატებებს გისურვებთ!
- გმადლობთ... წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ მთელს საქართველოს!
ესაუბრა შორენა სიხარულიძე