„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გააყალბა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და წარმოაჩინა ისე, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენები 30% „ნაცონალური მოძრაობის" რეიტინგს ეხებოდა.
„რამოდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-მა ბიძინა ივანიშვილის სიტყვებიც კი გააყალბა. მას მსგავსი არაფერი უთქვამს. ეს ძალიან მარტივად შეგვიძლია ვნახოთ დაუმონტაჟებელი მასალის საშუალებით. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს დაახლოებით 150-200 ათასი მხარდამჭერი, რაც პროცენტებში თუ გადავიყვანთ, 15%-ს შეადგენს. 30% საერთოდ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი, ბატონმა ბიძინამ ეს თქვა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. რეალურად მასალა იყო დამონტაჟებული.
„ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არის 15% და ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ მოვიპოვოთ 50%-ზე მეტი, ამხელა სხვაობაზეა საუბარი და ეს თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის არსებული რეალობა. სხვათა შორის, კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ „ნაციონალების" მხარდამჭერთა უმრავლესობაც კი დარწმუნებულია „ქართული ოცნების" გამარჯვებაში.
„რუსთავი 2"-ზე გაყალბდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. შემდეგ დადიოდნენ ჟურნალისტები სათითაოდ თითოეულ ჩვენგანთან და ცდილობდნენ შეცდომაში შევეყვანეთ. ეს იყო იაფფასიანი მონტაჟი და ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი 30% წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.