„ქართული ოცნების" თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
„ეს იყო შავი პიარის მცდელობა დავით უსუფაშვილის მხრიდან. სწორედ ამას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობაც", რომ რაღაცნაირად ჩვენთან პარალელი გაავლოს, მაგრამ ამ უსუსურმა მცდელობამ ფიასკო განიცადა. დავით უსუფაშვილს გული სწყდება, რომ „ქართულ ოცნებასთან" არ არის და მისი ამგვარი შეფასებების მთელი ქვეტექსტი სწორედ ეს არის. ერთი ქართული ანდაზა მახსენდება: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო". მიუხედავად იმისა, რომ მე ბატონ დავითს დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, სამწუხაროდ, რესპუბლიკურმა პარტიამ კოალიციის ფარგლებში ვერ შეძლო ელემენტარული კოლეგიალობის დაცვა, თუმცა, გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი პარტიის ზოგიერთი წევრისგანაც იყო არცთუ სახარბიელო დამოკიდებულება. დღეს არჩევნებზე „ქართული ოცნება" დამოუკიდებლად რომ გადის, ეს გამოწვეულია იმ პოზიციებიდან, რომლებიც ჰქონდათ ჩვენს ყოფილ პარტნიორებს.
ვგულისხმობ ალასანიას, რესპუბლიკელებს, თუნდაც ფორუმსა და სხვებს. ჩვენს რიგებში არიან დარჩენილი ძიძიგური, გაჩეჩილაძე, ჟორჟოლიანი. მრეწველებთან დაკავშირებით მიზეზი საერთაშორისო ურთიერთობებში განსხვავებული დამოკიდებულება იყო", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.