„საჭიროა, საზოგადოებამ გააგრძელოს მსჯელობა არა მხოლოდ ფარულ ვიდეოებზე, არამედ მოქალაქის უფლებაზე, ჰქონდეს გარანტირებულად დაცული საკუთარი პირადი ცხოვრება!" - პუბლიცისტი და ჟურნალისტი გიორგი უძილაური ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:
„პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები ნაციონალმა გაავრცელა თუ ყოფილმა კუდ-ელმა, მკაცრად დაისჯება დამნაშავე თუ მსუბუქად, ეს დეტალები არ არის არსებითი იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელმაც თავი იჩინა: ეს ვიდეოკადრები გამოიყენება როგორც საზოგადოების ფსიქოლოგიური დატერორების, დაშანტაჟების და დაზაფვრის იარაღი.
მიამიტი უნდა იყოს ადამიანი, რომ მართლა დაიჯეროს, თითქოს ნაცებმა მხოლოდ ერთ ეგზემპლარში შეინახეს ჩანაწერები. დიდი ალბათობით, მათი არაერთი ასლი არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიულად საზოგადოება სულ იქნება ამ ვიდეოებით მანიპულირების სამიზნე. ამავდროულად, აშკარად ჩანს რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის ეს კადრები მიუღებელი აღმოჩნდა. მაგრამ ეს ფორმალური მიუღებლობა საკმარისი არაა, ისევე როგორც არაა საკმარისი ვიღაც გამავრცელებლების დასჯა.
საჭიროა ამ თემით თეორიული მანიპულირებისთვის არსებული ნიადაგის ღრმა გადახვნა ისე რომ მომავალში ის გამოსადეგარი იყოს ამგვარი შანტაჟების დასათესად. ამისთვის კი საჭიროა საზოგადოებამ გააგრძელოს მსჯელობა არა მხოლოდ ფარულ ვიდეოებზე, არამედ მოქალაქის უფლებაზე, ჰქონდეს გარანტირებულად დაცული საკუთარი პირადი ცხოვრება. დაცული არა მხოლოდ კანონით, არამედ საკუთარი ნებითაც. არ შეიძლება აღიარებდე საკუთარი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ამავდროულად სეირის მოლოდინში ელოდო - აბა კიდევ რომელი პოლიტიკის შიშველი უკანალი გამოჩნდება youtube-ზე. ეს თვალთმაქცობაცაა და ის ნიადაგიც, რომელიც სჭირდებათ პათოლოგ შანტაჟიორებს. შანტაჟი აზრს დაკარგავს მაშინ, როცა საზოგადოებაზე მას აღარ ექნება რეაქცია, ან ექნება უკურეაქცია, რომელიც აზრს დაუკარგავს შანტაჟს. შესაძლოა, ერთი შეხედვით ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ამ თემებზე საჭიროა უფრო მეტი საუბრები. საჭიროა ფსიქოლოგების ანალიზი და გარკვეულწილად შესაბამისი საინფორმაციო ველიც. თუ ყველა ვაღიარებთ თანასწორობის აუცილებლობას, მაშინ უფლებებშიც თანასწორები უნდა ვიყოთ და თუ ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი პირადი ცხოვრების სხვისგან თვალთვალი, მაშინ ეს მიუღებელი უნდა იყოს სხვების მიმართაც. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკუთვნის ფარულად ჩაწერილი შიშველი უკანალი, ხელისუფლების წარმომადგენელს, ოპოზიციონერს თუ შუაშისტ ბირჟავიკს. ყველას პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, ამ ხელისშეუხებლობის ხელყოფა უნდა დაისაჯოს და ამაზე უნდა მოხდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ ჩვენი უკანალების კონფიდენციალობის დაცვა დავაკისროთ მხოლოდ სახელმწიფოს. პირველ რიგში, ჩვენ ჩვენს თავს დავიცავთ მაშინ, როცა ვისწავლით სხვის დაცვასაც და როცა სოლიდარულები ვიქნებით სხვისი უფლებების მიმართაც. როცა გავიაზრებთ, რომ ეს ქვეყანა არის არა როგორც საომარი ლელო (სამწუხაროდ უფრო შიდაომებისთვის) არამედ როგორც ერთი დიდი ოჯახი", - წერს უძილაური.