ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში აცხადებს. რომ გაბუნიას მშობლები ხელისუფლების შეცვლისთანავე პირველი არხიდან გამოყარეს, მან კი ყველაფერი დაივიწყა.
„შეიძლება, ინტერვიუ მივცე „რუსთავი 2"-ს იმ თემებზე, რომელზეც ვმუშაობ, მაგრამ სტუდიაში არ მივალ გაბუნიასთან, კაცთან, რომლის მშობლები ხელისუფლების შეცვლისთანავე მაშინდელი პირველი არხიდან გამოყარეს, მაგრამ მან ეს ყველაფერი დაივიწყა და ემსახურება პარტიულ კონიუნქტურას. მისთვის არ არსებობს არც ჟურნალისტური და არც ეთიკური ნორმები. მისი თოქშოუს სტუმრები ყოველთვის არათანაბარ მდგომარეობაში არიან და ამ გადაცემაშიც ნათელი იყო - გიორგი გაბუნია და სანდრა რულოვსი ებრძოდნენ დანარჩენებს... მე რომ ექსტრემალურ პირობებში მუშაობის გამოცდილება მაქვს, ასეთი ვერც ექნებათ... ისეთ პიროვნებებთან ურთიერთობაც მიწევდა, რომელთა პოლიტიკური მრწამსი ჩემთვის მისაღები არ იყო, მაგრამ ყოველთვის კარგად ვართმევდი თავს, როგორც წამყვანი. დარწმუნებული იყავით, არც ზვიად გამსახურდიასთან იყო ადვილი ურთიერთობა, არც მერაბ კოსტავასთან და არც მათ მოწინააღმდეგეებთან, მაგრამ ვახერხებდი ამ პარიტეტის დაცვას.
რაც შეეხება გვარამიას საქციელს, რთულია მტკიცება, რომ მაინცდამაინც მან დადო ეს ჩანაწერი, თუმცა მისი გაკეთებული მგონია და იმდენი ქნა გვარამიამ, მათ, ვისაც პაატა ბურჭულაძისა და მისი საუბრის ჩანაწერი მესამე მხარის ინტერესი ეგონათ, გაუჩინა ეჭვი, რომ ეს საუბარი სწორედ გვარამიას გაკეთებულია. ასეთი ტიპის ადამიანია - სურს, ასეთი მეთოდებით, ფარული ჩანაწერების მეშვეობით, ზურგიდან მოქმედებით აწიოს საკუთარი ტელევიზიის რეიტინგი და უარყოფითი იმიჯი შეუქმნას მოწინააღმდეგეებს. და რა მოხდება ვიღაც იარაღს იარაღს თუ დაუპირისპირებს? ამიტომ ასეთი საქციელი ყოვლად მიუღებელია", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.