- ბაბუ, მითხარი, მე ხომ თბილისელი ვარ?
- შენ თბილისში დაიბადე.
- შენ სად დაიბადე?
- მე... სოხუმში.
- დედიკო და მამიკოც?
- კი, დედიკო და მამიკოც.
- სოხუმი სად არის, ბაბუ?
- დედამიწაზე უამრავი ქალაქია, ძალიან ბევრი ქალაქი... მათ შორის არის ერთი პატარა ქალაქი, იმას სოხუმი ჰქვია და იგი ჩვენი ქალაქია.
- მართლა ჩვენია?
- ჰო.
- რატომ არის ჩვენი?
- იმიტომ, რომ... ჩვენ იქ დიდი სახლი გვაქვს, ჩვენი სახლი.
- მეტი კიდევ რა გვაქვს?
- კოხტა ეზო, ცივი წყარო და რკინის ჭიშკარი.
- ვერავინ რო ვერ შემოვა ისეთი?
- სტუმარი შემოვა, ბაბუ, ჭიშკარს გააღებს და შემოვა.
- ქურდი არ შემოვა?
- ქურდი არა, ვერ გაბედავს.
- რატომ, დიდი ძაღლიც გვყავს?
- კი, დიდი ძაღლი გვყავს, ქურდს არ შემოუშვებს.
- ე, ჩვენს ძაღლს რა ჰქვია?
- რა ჰქვია და ჯეკა.
- ჯეკა! ბაბუ, იცი, ძალიან მინდა მყავდეს ლეკვი, ვგიჟდები ისე მიყვარს.
- კიდევ რა არის სოხუმში? აუ, მიდი რა, მითხარი!
- ცა არის, ბაბუ, იმოდენა, საითაც არ გაიხედავ, ცქერით ვეღარ გაძღები. ზღვა არის ვეებერთელა, ღრმა და საოცარი. ზაფხული იცის ისეთი, გულს რომ სიხარულით აგივსებს. ბევრი, ბევრი ადამიანი ჩამოდის ჩვენთან ზაფხულობით.
- რატომ?
- სოხუმი ზღვისპირა ქალაქია და ადამიანები იქ დასასვენებლად ჩადიან.
- ზღვაში რომ იცურაონ?
- ჰო, რომ იცურაონ, დაისვენონ და სიცოცხლე გაიხანგრძლივონ.
- უხარიათ მერე?
- როგორ არა! გაოცებული ადამიანები ყველაფერს ათვალიერებენ.
- რას ათვალიერებენ?
- ზღვას, გემებს, კოპწია სახლებს, ლამაზ სასტუმროებს, შადრევნებს, მაღალ მთებს...
- კიდევ, ბაბუ, სოხუმში მტრედებს არავინ იჭერს?
- ოჰ, არა, მტრედს იქ არავინ იჭერს!
- არც თოლიას?
- არა, არც თოლიას.
- მაწანწალა ძაღლებს?
- არიან ადამიანები, რომლებიც მაწანწალა ძაღლებს უვლიან. ვის როგორ შეუძლია, ხან რას აჭმევენ და ხან რას.
- ისინი ცოდონი არიან, ხო?
- სახლი მაგათ არა აქვთ და პატრონიც არ ჰყავთ... ცოდონი როგორ არ არიან.
- ბაბუ, ჩვენს ძაღლს სოხუმში ვინ უვლის?
- ჩვენი ჯეკა ისეთი ყოჩაღია, თავს არ დაიკარგავს.
- წვიმა როცა წამოვა, სად უნდა დაიმალოს?
- თავის სახლში.
- მაგარი სახლი აქვს?
- კი, ხის სახლი აქვს, მაგარი, პატარა მწვანე სახლი... ჩემი ხელით ავუშენე.
- ნეტა, ახლა სოხუმში თუ წვიმს?
- შეიძლება წვიმს კიდეც.
- ვითომ ცოტას იწვიმებს თუ ბევრს?
- შენ ნუ ღელავ, იქ ხშირად წვიმს ხოლმე, მაგრამ ისე ლამაზად წვიმს, თავი ზღაპარში გეგონება... წვიმა თავს კი არ გაბეზრებს, გეთამაშება, შენთან განშორება ეძნელება, გეალერსება... გამოიდარებს და მოგენატრება.
- კიდევ, ბაბუ, კიდევ რა არის სოხუმში?
- ულამაზესი ტბები, ზღაპრული გამოქვაბულები და უძველესი ეკლესიები, ქვები, საუკუნეები რომ გამოუვლიათ... კიდევ ჯადოსნური მაგნოლიები და ზღვაში მოცურავე იალქნიანი ნავები.
- მაგნოლია რა არის?
- დიდრონი ხეა, თეთრი და სურნელოვანი ყვავილის ხე... ამ ყვავილს ჯადოსნური ძალა აქვს, ბაბუ.
- როგორ ჯადოსნური?
- მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან.
- რას მომიყვებიან, როგორ მაინტერესებს!
- ბევრ საოცარ ამბავს.
- ბაბუ, სოხუმი საით არის?
- იქით, დასავლეთისკენ.
- შორსაა დასავლეთი?
- არა, აქვეა, ახლოს.
- ძალიან მინდა სოხუმში, ჯეკასთან მინდა, ჩვენს სახლში... მაგნოლიებთან მინდა, ზღვაც მინდა ძალიან, სულ ძალიან.
მე ცურვასაც ვისწავლი, ბაბუ!
- მჯერა შენი!
- იცი რა, დედიკო და მამიკო სახლში რო არ არიან, მეშინია შენც არ დამტოვო. მარტო ყოფნა არ მინდა. უჩემოდ ხომ არსად წახვალ?
- ეგ რამ გაფიქრებინა, უშენოდ სად უნდა წავიდე? შენ ჩემი ვაჟკაცი ხარ, ბაბუ, გვარის გამგრძელებელი!
- მაგნოლიების ამბებს კიდე მომიყვები?
- მოგიყვები, შენ თავს გეფიცები, ყოველდღე მოგიყვები.
ოთარ პერტახია - „მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან"