„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სპეციალური განცხადება გააკეთა. კობახიძემ ისაუბრა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებზე და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მონაცემები სრულიად აცდენილია რეალობას. მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გააყალბა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და აღნიშნა, რომ ეს გვარამიას გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად დასჭირდა.
„გვინდა, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ სიცრუესა და სიყალბესთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა „რუსთავი 2"-ის მეშვეობით პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გავიხსენებთ იმას, რომ გაყალბდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. ისე იყო წარმოჩენილი მისი სიტყვები, თითქოს ის მიიჩნევდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა 30%-იანი რეიტინგი, სინამდვილეში, მთლიანად კონტექსტიდან იყო მოწყვეტილი ეს ყველაფერი. საუბარი იყო იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობა შეადგენს 150-200 ათას კაცს, რაც პროცენტებში რომ გადავიყვანოთ, არის ბევრად ნაკლები, ვიდრე 30%. 30% ნახსენები იყო საერთოდ სხვა კონტექსტში და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა იმ ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც გავრცელდა, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინფორმაცია ყალბი ფორმით მიეწოდა ჩვენს ტელემაყურებელს. გარდა ამისა, მომდევნო დღეებში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ცდილობდნენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანას, ისინი სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ე.წ. ჩამჭრელი კითხვების დასმას და იმის დადასტურებას ჩვენი მხრიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის" 30%-იანი რეიტინგი შეესაბამება სიმართლეს. თუმცა, რეალურად მიზანს ვერ მიაღწიეს, გამომდინარე იქიდან, რომ 30%-იანი მაჩვენებლი მთლიანად აცდენილია რეალობას და „ნაციონალების" რეიტინგი არის ბევრად დაბალი. რეალურად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება, საბოლოო ჯამში, ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი. აბსოლუტურად გაყალბებულია ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზეს „რუსთავი 2"-ის მეშვეობით. ეს კვლევა, მოგეხსენებათ, ჩაატარა „ნაციონალურ მოძრაობასთან" პირდაპირ ასოცირებულმა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციებმა. „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოლიტიკური აფილაციის შესახებ ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება. ჩვენ ზოგადად მიჩვეული ვართ „რუსთავი 2"-ის მხრიდან, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით, სიყალბეს და სიცრუეს, აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას, ეს ყველაფერი რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებული აქვთ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, მათ შორის, ნიკა გვარამიას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ამ რევოლუციურ სცენარს განხორციელება არ უწერია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „რუსთავი 2"-ს, ბოდიში მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისათვის. ჩვენ მოგაწვდით ვიდეომასალას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები არის გაყალბებული. მას არცერთხელ არ უხსენებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს 30%-იანი რეიტინგი, რეალურად მათი რეიტინგი არის რამდენჯერმე ნაკლები, ვიდრე 30%", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.