„თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 5 ოქტომბრის აქციისთვის რეგიონიდან ჩამოჰყავს მოსახლეობა და ვარდების მოედანზე ე.წ. მაშხალების აფეთქებასა და „ბომბად" გასაღებას გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას დააბრალებს.
„მაქვს ინფორმაცია, რომელიც ჩემმა მეგობრებმა შემატყობინეს და რომლებიც ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ამ ინფორმაციის თანახმად, 5 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა", თავისი სტილით, პროვოკაციების მოწყობას აპირებს. მათი ერთ-ერთი მთავარი გეგმა არის ის, რომ, როდესაც აქცია დაიწყება, როცა ხალხი შეიკრიბება, ხალხის სიახლოვეს ააფეთქონ ე.წ. მაშხალები და ამის შემდეგ ხალხში შეიქმნება განცდა, რომ თითქოს ბომბი აფეთქდა. აქციის მონაწილეებში ეს აფეთქების ხმა გამოიწვევს ერთგვარ ჭყლეტას, არეულობასა და პანიკას. არის ალბათობა იმისა, რომ ვინმე დაშავდეს და ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობა" დააბრალებს მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას". პროვოკაციების მოწყობასთან და მათ გაკეთებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" ფანტაზიის უნარს საზღვარი არ აქვს.
მე ვსაუბრობ იმ ინფორმაციაზე, რომელმაც გამოჟონა „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისიდან. 5 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე უნდა მოხდეს პროვოკაციები და ერთ-ერთი გეგმა, რაც პარტიაში განიხილეს, არის ის, რაზეც ვისაუბრე.
ამ ყველაფერს „ნაციონალები" დააბრალებენ მხოლოდ ხელისუფლებას. ისეთი საცოდავები და საწყლები არიან, თვითონაც იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ამ წაგებასთან დაკავშირებით აგებენ ამ გეგმას, რომელიც მე შემატყობინეს.
უნდათ აზრის შემოტანა, რომ ხელისუფლება პროვოკაციების მომწყობია, რათა ხალხში შექმნან ხელოვნური ემოციური ფონი და ტალღა, თითქოს ხელისუფლება პროვოკაციების მოწყობას ცდილობს. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა" აწყობს პროვოკაციებს. ეს არის გასაცოდავებული, დაბეჩავებული „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც 8 ოქტომბერს პოლიტიკური არეალიდან გაქრება. ეს ინფორმაცია მე მაქვს პარტიის ცენტრალური ოფისიდან.
როცა ჩემი ინტერვიუ გამოქვეყნდება, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება და, შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოები მოახდენენ რეაგირებას ჩემს განცხადებაზე. მე, პირველ რიგში, ვზრუნავ საზოგადოებაზე, რომ საზოგადოება იყოს საქმის კურსში და იცოდეს მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს რამდენიმე დღეში. ხელისუფლებამ საზოგადოება უნდა გააფრთხილოს მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ. ყველაზე მეტად რისიც მეშინია, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თბილისში ათას კაცსაც კი ვერ შეკრებს. 1000 კაციც შეიძლება მოტყუებით მიიყვანონ, თუ ფულს გადაიხდიან და მოისყიდიან. დანარჩენი არის რეგიონებზე, რეგიონში უნდა მოხდეს ინფორმაციის გავრცელება, რომ „ნაცმოძრაობა" გეგმავს პროვოკაციებს.
ამ საქმეს ვერ გადაწყვეტს, სიტყვაზე, პრესსამსახურის თანამშრომელი. ამ საქმეს წყვეტენ პოლიტსაბჭოს უმაღლესი პირები, პარტიის ლიდერები და იმედი მაქვს, რომ საზოგადოება არ მოტყუვდება, შეხედავს სიმართლეს და ამ ბინძურ პოლიტიკურ გუნდს არ გაეკარება", -განაცხადა ბესო კალაძემ.