ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში
ხომ ისევ აქ ხართ, დაიმახსოვრეთ - იშვიათად, რომ შუა კამორელმა პირდაპირ თვალში შეხედოს ვინმეს. ხან ცხვირზე შეაჩერებენ ხოლმე მზერას, ხანაც - წარბებზე, ხელებზე, შუბლზე, ყურსა თუ ტუჩზე, თვალებში კი - არა, არაფრით, უნებლიეთ თუ შეხედავენ ერთმანეთს და წამსვე აუსხლტებათ ვერაგი მზერა - ასეთია მათი დაუკანონებელი, ვერაგი წესი - სულაც არ უნდათ, ტანში დაზრინოთ. და საკუთარი თვალებიც რომ არ გაახსენდეთ - რაც გინდა იყოს, სუყველამ ვიცით, რას წარმოვადგენთ და სარკეშიაც, წვეულებამდე გაკოხტავებისას, წვერის პარსვისა თუ თმის დავარცხნის დროს, მორჩილ ორეულს თვალს არიდებენ.
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი")
გასულ კვირაში გელა გრიშენკოს წლისთავი იყო და, როგორც წესია, მხოლოდ ძალიან ახლობლები დაპატიჟეს. თავად გელა გრიშენკომ დაპატიჟა. სუფრა ერთ-ერთი ტელევიზიის სტუდიაში გაიშალა და თამადობაც თავად გელა გრიშენკომ იკისრა, თვითონვე აირჩია საკუთარი თავი, სხვისი მარნიდან ჩუმად წამოღებული ჯამი იმავე მარნიდან უჩუმრად წამოღებული ღვინით შეავსო, საკუთარ თავს უსურვა, სულ კაი ამბებში გეთამადოსო და დალია. შემდეგ საკუთარი მოსაგონარი შესვა. სხვებმაც შესვეს. შემდეგ, ეს „სხვები" გაიხსენა და სათანადო პატივი მიაგო. გახსენებულებმა მადლობა გადაიხადეს გახსენებისთვის და მეზობლის ბოსლიდან ქვამარილით და „დეთი-დეთუნათი", მალვით გამოყვანილი ბოჩოლასგან დამზადებულ ხაშლამას დააცხრნენ და ბოლოს მოპარული ცხვრისგან შექმნილი შილათიც ისიამოვნეს. შილა შემოვიდაო და, გელა გრიშენკომ კიდევ ერთხელ დალია გელა გრიშენკოს მოსაგონარი.
გელა გრიშენკოს არდავიწყებისა იყოს. ვისაც არ ახსოვს, შარშანდელს გავახსენებ:
„კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში გელა გრიშენკოს ვენახი პირადად მოინახულა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა, გელა გრიშენკომ ტელევიზიებთან დღეს დიდი ტყუილი თქვა. „ძალიან დიდ ტყუილში გამოვიჭირეთ ის ადამიანი, რომელმაც ტელევიზიებს მოუხმო და ვითომ ვაზს ჩეხდა. აღმოჩნდა, რომ სულ 6 ძირი აქვს მას არა გაჩეხილი, არამედ გასხლული, ეს არის ერთ-ერთი პროცედურა ახალჩაყრილ ვაზზე. მას 75 მეასედი ტერიტორია აქვს და ის აბსოლუტურად ხელუხლებელია. ჩვენ ადგილზე სპეციალისტებიც ჩამოვიყვანეთ და ყველას ვაჩვენეთ ვითარება. რაც შეეხება მეორე ნაკვეთს, რომელიც ასევე კადრებში იყო და გამოჩნდა, მისი მეპატრონე მოვიყვანეთ ადგილზე, რომელმაც თქვა, რომ მას ჰქონდა ადრეული ჯიშის ყურძენი და ახალი რქაწითელის ჯიშის ჩაყრა სურდა, ამიტომ გაჩეხა ვენახი", - განაცხადა შიოლაშვილმა.
გელა გრიშენკოს მიერ გაჩეხილი ვენახი მარუსა დოლენჯაშვილს ეკუთვნოდა, გელა გრიშენკო გიორგი ღვინიაშვილს ეკუთვნის, ღვინიაშვილი სააკაშვილის საკუთრებაა, „რუსთავი2" „ნაციონალურმოძრაობაზეა" გაფორმებული, „ნაციონალური მოძრაობა" არის ისტორიის სანაგვის კუთვნილება.
მოკლედ, გასულ კვირაში იმ ამბის წლისთავი იყო, სხვისი ვენახი რომ გაჩეხეს. მანამდე იმ ამბის წლისთავი იყო, „მაპ-ზე უკეთესი" რომ მივიღეთ, კიდევ მანამდე - დამარცხების აღსანიშნავი გრანდიოზული „სარკო-სარკო" ზეიმის წლისთავი, იმ ამბის წლისთავი, თუ როგორ ავიდა ორი ხელფეხშეკრული გარდაცვლილი ადამიანი ჯიხურის სახურავზე. მალე იქნება წლისთავი ფილმისა „ნოემბრიდან ნოემბრამდე", ხოლო ერთი და იმავე საწარმოს გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიების წლისთავები ლამის ყოველდღე აღინიშნება.
„რუსთავი2"-ის ისტორია წლისთავების ისტორიაა.
ერთი წლის შემდეგ ერთდროულად სამ წლისთავს ვიზეიმებთ:
1. წლისთავს იმისა, თუ როგორ გამოაცხადა "რუსთავი2"-მა 15-პროცენტიანი "ნაციონალური მოძრაობა 30-პროცენტიანად;
2. წლისთავს იმისა, თუ როგორ გამოაცხადა „რუსთავი2"-მა ამომრჩეველთა გამოკითხვის გარეშე ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგი არჩევნების საბოლოო შედეგად;
3. „ნაციონალური მოძრაობის" გარდაცვალების წლისთავს.
ცალ-ცალკე ამბებია ეს ამბები, თორემ ისე ერთია, ერთი არაკაცის ერთ არათავში მოხარშული და გადახარშული. რას არ მოიფიქრებ, როცა ოდესიდან თბილისამდე გვირაბს თხრი და ზუსტად იცი, რომ მეორე მხარეს სულ რამდენიმე იმბეცილი გელოდება, ის რამდენიმე იმბეცილი, რომელთა სახის მიმიკებსაც, არ დავმალავ, სიამოვნებით ვათვალიერებდი, როდესაც პროკურატურაში გამოცხადების უწყისი მიუტანეს. პანიკა, შიში, ისტერიკა, დაბნეულობა და განცდა იმისა, რომ თავიანთ თხუთმეტს ვეღარასოდეს გადააკეთებენ ვერც ოცად და ვერც ოცდაათად, მაგრამ 18 ნოემბერს იქნება მათი ორმოცი და, როგორც უკვე გითხარით, გაის ამ დროს მათ წლისთავს აღვნიშნავთ, ვისთვისაც თხუთმეტ პროცენტზე ნაკლები ოცდაათ პროცენტზე მეტს ნიშნავს და კვირაში ერთხელ ორი გვამის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ.
თუმცა, ბოლო წინასაარჩევნო კვირა არ არის ჩვეულებრივი კვირა, არც არჩევნების დღეა ჩვეულებრივი დღე, ორი გვამი ცოტაა, ბევრი გვამია საჭირო, ბევრზე ბევრი გვამი და ამ ათასობით გვამზე გადარბენით უნდათ, რომ მიიღონ ლიცენზია მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ძალადობაზე, გაუპატიურებაზე, რეკეტზე, ანუ იმაზე, რაც ყველა ნორმალური ადამიანისთვის არის ბოროტება, მათთვის კი - ძალაუფლებით მიღებული სიკეთე.
საერთოდ, „რუსთავი2" არის ლაკმუსის ქაღალდი. სრულიადაც არ არის საჭირო პოლიტიკურ პროცესებში ჩაღრმავება იმისათვის, რომ ამ პროცესების სიღრმეებს ჩაწვდე. უბრალოდ, ჩართე და დააკვირდი, ვის იწვევენ და ვის ალაპარაკებენ ნიკა გვარამიასა და გურამ დონაძის ქვემდებარეები. გაიხსენე, რატომ არ იწვევდნენ მანამდე ვიღაცას, ხოლო ვიღაცას იწვევდნენ ყოველდღე, ვიღაცას კი - არასოდეს.
იქ ყოველდღე იჯდა და ზის მერაბიშვილის კაპიტანი ეკა გიგაური, ყველაზე ბნელი და დახურული უწყების ოფიცერი, რომელიც დღეს გამჭვირვალობას აწვება; უამრავი გაყალბებული არჩევნების მდუმარე მოწმე ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების" თავქალი; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ნაცვლიშვილი-კოჟორიძისა, ათასგვარი სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრები, განვითარებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები, მენაბდე-მშვენიერაძეები, ნატროშვილ-ჯანეზაშვილები... მოკლედ, ყველა, ვისთვისაც უსაქმურობა ცხოვების წესია, მაგრამ ყველა წესს აქვს თავისი წესი - უსაქმურობისთვის რაღაც უნდა გადაიხადო და მერე რაღაცას გადაგიხდიან. მათზე ამბობენ, შუბლის ძარღვი გაიწყვიტესო. ზოგს არც არასოდეს ჰქონია.
როგორ უცებ და როგორ საეჭვოდ შეუყვარდა ნიკა გვარამიას ლეიბორალისტი ნათელაშვილი! როგორ უცებ გახდა ლევან ბერძენიშვილი „ყველაფრის მცოდნე ექიმი" და როგორც კი ირაკლი ალასანიას დროშაზე ლევან მიქელაძის ნაცვლად გაჩნდა ლაქა, რომელიც ნელ-ნელა სააკაშვილის კონტურებს იძენს, როგორ უცებ გახდნენ ალასანია, პეტრიაშვილი და გოგუაძე გვარამია-გაბუნია-მელაძის ხშირი და სასურველი სტუმრები...
„რესპუბლიკელებს" ბერძენიშვილები დაანგრევენ, „თავისუფალ დემოკრატებს" - პეტრიაშვილ-გოგუაძეები, „ლეიბორისტები" კი აბა, ვინ უნდა დაანგრიოს, როგორც კი დაიბადა, ნათელა შალვოვნას ყბა უკვე გვერდზე ჰქონდა მოქცეული.
და, პაატა ბურჭულაძე, რომელიც, თურმე, გუშინ, საკუთარი ოფისიდან იპარებოდა.
და, გუბაზი, რომელმაც, არ ვიცი, შეძლო თუ არა მილიონერთა წრეში შეპარვა.
და უსუფაშვილი, რომელზეც გული მწყდება, რომ ეგრეც ვერ შეძლო კომუნისტური პარტიის წევრობის დამადასტურებელი მანდატის დახევა.
და ღლონტი, რომლის ხსენების შემდეგაც პირში წყალი უნდა გამოივლო...
და მარგველაშვილი... ფილოსოფოსი, მე კასრში გამიგია. სიბინძურისა და გარყვნილების ბუდეში, როგორც თვითონ უწოდა ავლაბრის სასახლეს, ბინძურები და გარყვნილები სხედან.
ისინი „რუსთავის2"-ის სტუდიაში სამადლოდ სხედან და ამბობენ: „მე ვიცი... მე შემიძლია".
ესეც შენი პოლიტიკური ელიტა!
ბატონებო, ის თუ იცით, რომ თუ ასე გააგრძელებთ, მალე პარაშის გვერდით აღმოჩნდებით? იცით, რომ მაგ ადგილიდან თავის დაღწევას ვეღარ შეძლებთ? და ის თუ იცით, რომ იყო „რუსთავი2"-ის ხშირი და სასურველი სტუმარი, ნიშნავს იმას, რომ გინდა-არ გინდა, უკვე სააკაშვილად და ნადირაშვილად ყარხარ?
საერთოდ, ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ ტელევიზიის, თუ რაც ჰქვია, ფაქტობრივ მფლობელებს, ხშირ სტუმრებს (ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სტუმარი ღვთის კი არა, ეშმაკისაა) და ხელმ-ძღ-ვანელებს, ჟურნალისტებს და ოპერატორებს, მასხარებს, კორექტორებს, მემონტაჟეებს და მ-ძღ-ოლებს კი არა, დამლაგებლებსაც არ ვენდობი. მათ შორის ყველაზე დადებითიც კი ამაზრზენია, რადგან ამაზრზენია და თავს იდადებითებს. თქვენ კი მიგადადებითათ არმაგედონის ზანგმა!!!
ეს დადებითი მაია ასათიანი... „იმედის" დარბევის შემდეგ როგორ უნდა იმუშაო მასთან და მისთვის, ვინც დაგარბია? ყალბი, ფარისევლური, უნიჭო „პროფილი", ამაზრზენი წინხედი, ზედხედი და გვერდხედი. თავხედი...
ექიმები... როგორ უნდა მიხვიდე იქ, საიდანაც შხამი იღვრება?
ნანუკა... ჟორჟოლიანი, რომელიც გახდა კოდუა და კოდუად დარჩა, თუმცა მანამდეც კოდუა იყო.
სუხიშვილები... თითის წვერებზე, მაგრამ კოჭებამდე სისხლში.
ბუღაძე... ორივე ბუღაძე... სტუდენტები იფურთხებიან. შესანიშნავი პერფორმანსი...
ამდენი ამაზრზენი სახე, და, რაც ყველაზე საოცარია, ამდენი განათლებამიღებული და „მაღალ საზოგადოებაში" მიღებული გოიმი.
ჰოოო... „რუსთავი2"-ის სახეები, მათ შორის ყველაზე გამორჩეული - ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე დავით ტურაშვილი. უკვე მრავალი წელია, კვირაში ერთხელ, ზის სიბინძურით სავსე სტუდიაში და რუსთაველის აფორიზმებით გვესაუბრება, გვესაუბრება ლიტერატურაზე, წიგნებზე... გავიდა წლები, იმ სიბინძურით სავსე სტუდიიდან ხდებოდა ყველა სიბინძურის გაპრავება, მხოლოდ ერთხელ თქვა „შე დედა...ლო", ხალხმა იფიქრა, თავის დამსაქმებლებს მიმართავსო, ხალხმა თქვა „ყოჩაღ, დავით", მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისე თქვა, ზოგადად, სხვათა შორის, რადგან სხვათა შორის ნათქვამს საკუთარ თავზე არავინ იღებს და არც მიუღიათ. მას შემდეგ ისევ იქ ზის და ისევ წიგნებზე გველაპარაკება.
ზურა დათუაშვილმა შენიშნა: „აი, რა შედეგი მოაქვს წაუკითხავი წიგნების შინაარსის მოყოლას".
გასულ კვირაში ტურაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება ოპოზიციისგან მონსტრის შექმნას ცდილობს. აბა, რა უნდა თქვა და რაზე უნდა ელაპარაკო? წადი, ნიკა რურუას კლიპში დაჯექი, გიგი უგულავას გათავისუფლებას მოაწერე ხელი და არმაზ ახვლედიანს დაუდექი მხარში, ან რაშიც გინდა, იმაში.
დახოცილი ბიჭები, დაკარგული ტერიტორიები, დაყაჩაღებული ბიზნესი, ნაწამები პატიმრები, გაუბედურებული ოჯახები, დამცირებული, შეურაცხყოფილი ხალხი, დახურული და წართმეული მედიასაშუალებები... ხოლო ის ამბობს, ხელისუფლება ნაციონალებისგან მონსტრის შექმნას ცდილობსო.
ეს, „რუსთავი2" ცდილობს მონსტრისგან ოპოზიციის შექმნას და სურს, რომ ნაყალბევს დაარქვას გამოკითხვა, ცრემლს - ღიმილი, სისხლს - შვება.
აბა, გელა გრიშენკო ყოფილა შოთა რუსთაველი და მისი სიტყვები ყოფილა „სიცრუე და ორპირობა..." გიორგი პაპუაშვილს დაუწერია „ქმნა მართლისა, სამართლისა..." სააკაშვილს შეუქმნია „გალობანი სინანულისანი" და სხვ. და სხვ.
ეგ არის, რომ ნიკა გვარამია და მისი პატრონები „ნოემბრიდან ნოემბრამდეს" ვერ გაცდნენ, მაგრამ ნოემბრის გარდა კიდევ 11 თვეა, მათ შორის, ისეთი ლამაზი და გემრიელი, როგორიც არის ოქტომბერი.
ეგენი ოქტომბერს ვერ გაცდებიან.
ეს არ არის კვირის ამბები. ეს ბოლო 12 წლის განცდებია, ჩვენი განცდები.
კვირის ამბები კი, უცებ ორი სიტყვით: სააკაშვილი და„ნაციონალური მოძრაობა" გეგმავენ არეულობას; სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" აყალბებენ გამოკითხვას; სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" გეგმავენ სისხლისღვრას;
„ნაციონალური მოძრაობა" აგროვებს 29 პროცენტს, „ქართული ოცნება" 28 პროცენტს, მაგრამ 30 პროცენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას და როცა გადაწყვეტენ, „ქართული ოცნება" დააგროვებს 45 პროცენტს, „ნაციონალური მოძრაობა" - 44 პროცენტს, პარლამენტში შევლენ და ფრაქციას შექმნიან „ლეიბორისტები" და „თავისუფალი დემოკრატები"... - ეს გვარამია-გრიშენკოს ციფრებია.
მაგრამ გვარამიას ავიწყდება, რომ თხუთმეტი ვერასოდეს გახდება ოცდაათი, მითუმეტეს - ორმოცდაოთხი.
ხოლო იმ 30 პროცენტს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, ვის მისცეს ხმა, მხოლოდ ის ვერ გადაუწყვეტია, ვინ უფრო სწრაფად და მოხერხებულად მოარგებს ყულფს სააკაშვილის ბანდას. სულ ეგ არის, სხვა არაფერი. მე ეგ 30 პროცენტი მიყვარს.
და ამიტომაც, გაის ამ დროს იქნება წლისთავი.
თ.თ. (თხუთმეტი თხუთმეტია) „ნკვამლად არა ნფლავი", - გაისმა უცებ, ორივე შეხტა, მუქი ვარდების ორმაგი წყება კი მიწიანად ამოიზნიქა, აიზნიქა, ყალყზე შედგა და მერე ადამიანი გამოჩნდა, ზურგიდან მიწას ხელუკუღმა იფერთხავდა. ვარდები კი საიმედოდ დაემაგრებინა ტანსაცმელში, არხეინად იბერტყავდა და ამბობდა: „აუვათ არა, ისა... ნკვამლად არა, ნფლავი..." ზედამხედველი ნავოლე გახლდათ. „ნდამსხდარხართ აქა ორი ნსანთამაშო და ნსისულენლეებს იძახით, - ზომიერად გაწყრა, - აბა, ნვაჟკაცო, მნიშანი მითხარ". „ცხრაჯერ ოთხი ექვსია", - არ დააყოვნა უმბერტომ. „ნსწორიაა, - გააგრძელა ნავოლემ და ალერსიც კი გაირია დაგუდულ ხმაში, - ნწადით ახლა, ნმოფსით და დაიძინეთ".
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი")