ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც დღეს გავრცელდა. ივანიშვილის თქმით, გვარამიას აღარ ემორჩილებიან მოსამართლეები, თავი დააღწიეს მას და ამიტომაც ლანძღავს.
„ეს ყველაფერი ამაზრზენია, როგორი გონორით ესაუბრება - მე მხოლოდ ამაზე გავაკეთებ აქცენტს. ბურჭულაძესთან საუბარი გაიხსენეთ. გვარამია, ტელევიზიის დირექტორი, ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს როგორ ესაუბრება. და იმის შემდგომ მათი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ და მათი განცხადებები. ყველაფერი ფარსია. რა დღეში ჰყავდათ სასამართლო. დღეს ვისაც ესენი აგინებენ, გასაგებია, გვარამია ვისაც ლანძღავს, რომ აღარ ემორჩილებიან, მოსამართლეებმა თავი დააღწიეს მათ და, რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლება, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ერევა სასამართლოს საქმეებში და არცერთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა სასამართლოს საქმეებში არ ჩაერევა და ბევრმა მოსამართლემ მოახერხა და თავი დააღწია და ნახეთ გვარამიას ლანძღვა და ნახეთ, როგორ ესაუბრება ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს. ერთადერთი შემიძლია შევახსენო ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებიც მიდიოდნენ „რუსთავი 2"-ის პროცესზე და მძაფრ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ. მიდიოდა სასამართლო და როგორ იცავდნენ „რუსთავი 2"-ს, როგორც თავისუფალი სიტყვის ეტალონს და ჭეშმარიტების ბოლო საფეხურს. გამოვიდნენ და თქვან, რომ ამ სიცრუის ტელევიზიას იცავდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.